რამდენიმე წლის წინ მოკლული ჟურნალისტის გიორგი სანაიას ძმის ვახო სანაიას ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მისი ძმის საქმის გამომძიებელი სერგო ძაგნიძე დაინიშნა.
ამის შესახებ სანაია სოციალურ ქსელში წერს.
„სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად სერგო ძაგნიძე დანიშნეს. ეს პერსონა 2001 წელს მონაწილეობდა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში. ეს საქმე როგორც ,,გამოიძიეს'', ყველას ახსოვს. ბატონი ძაგნიძე დღემდე ამაყობს თავისი წვლილით ამ საქმეში. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ სერგო ძაგნიძემ სრულიად მოულოდნელად პრესასთანაც იაქტიურა და საინტერესო ფრაზები თქვა. აი ციტატები:
1. ,,ამ საქმეში სისხლი მაქვს ჩაქცეული და საკუთარი შვილივით "მიყვარს". მე ამ საქმეზე მანიპულირებას არც ვახოს ვაპატიებ, მიუხედავად იმისა, რომ ძმაა''.
2. ,,ვახომ მადლობა მითხრას, ძმის მკვლელი რომ დავუჭირე. რომელ სპეციალისტთან ერთადაც უნდა, დავუჯდები და ერთად გავიაროთ ეს საქმე''.
3. ,, შეიძლება ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქმე ჩემი გახსნილია''.
4. ,, ეს საქმე ქართული კი არა, მსოფლიო კრიმინალისტიკაშია შესატანი. ჩემთვის მადლობაც კი არ უთქვამთ''
გიორგი სანაიას საქმის ,,გახსნის'' შემდეგ მოხდა ერთი საინტერესო საკადრო გადაადგილება. 2002 წელს სერგო ძაგნიძე პროკურატურიდან სულ სხვაგან, უშიშროების სამინისტროში გადაიყვანეს. დააკვირდით, პროკურატურაში სამეცნიერო-ტექნიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა და უცებ უშიშროებაში ანტიტეროსისტული ცენტრის ხელძღვანელად დანიშნეს. ამასაც დააკვირდით - მაშინ ამ ცენტრის განსაკუთრებული ყურადღება პანკისის ხეობისკენ იყო მიპყრობილი.
ჩვენი ოჯახი უკვე მეთოთხმეტე წელია, ყველა ხელისუფლებისგან მოითხოვს ამ საქმის გამოძიებას. ეს საქმე დღემდე გაუხსნელია. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც ამ მთავარმა პროკურატურამაც უარი თქვა ხელახალ გამოძიებაზე.
რაც შეეხება ბატონ ძაგნიძეს. მას მინდა ვუთხრა, რომ ამ საქმის ხელახალი გამოძიება აუცილებლად დაიწყება. უფრო ადრე, ვიდრე გვიან. ძაგნიძე კი, სხვებთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იქნება, ვისაც მოუწევს, აუხსნას გამომძიებლებს, სასამართლოსა და საზოგადოებას, როგორ ,,გახსნა'' 2001 წელს გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე“, - წერს ვახო სანაია.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი გენშტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ გუშინ წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






