როგორც კალაძემ ვიდეოდიალოგის ფორმატში საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგად აქვს გაცნობიერებული რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოქალაქეობას. ამ კონტექსტში ვიცე–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილისთვის 2011 წელს მოქალაქეობის ჩამორთმევა გაიხსენა.
„რაც შეეხება სააკაშვილის უკრაინაში შრომით მოწყობას, ჩემის აზრით ამ საკითხთან დაკავშირებით ამდენი ლაპარაკი არ ღირს. ეს არის ამ პიროვნების და მისი ამჟამინდელი დამსაქმებლის კომუნიკაციის შედეგი და არ მესმის, რატომ ვმონაწილეობთ ჩვენ უნებურად თუ შეგნებულად ამ პირის ამჟამინდელი საქმიანობის პიარში. მოკლედ შევეხები სააკაშვილის მოქალაქეობის თემას: არ ვაპირებ არც დიდაქტიკას მორალზე და შეგნებაზე და არც დისკუსიაში შესვლას ამ თემაზე მის თანამოაზრეებთან. უბრალოდ შეგახსენებთ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოქალაქეობას. თუნდაც „ნაციონალებს“ ეს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული და ახლა ტყუილად კეკლუცობენ. გვახსოვს, პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლის მიზნით მათმა რეჟიმმა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა არ მისცა“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, როდესაც „ნაციონალები“ ხელისუფლებაში იყვნენ, მათ ძალიან კარგად ესმოდათ, თუნდაც რიგითი მოქალაქისთვის, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ კუთვნილებას.
„სააკაშვილი და მისი გარემოცვა ისევ თავის ჩვეულ სტილში ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობს და დემაგოგობას განაგრძობს. ფაქტი ურყევია - სააკაშვილი და ჩვენ თანამემამულეები აღარ ვართ. აქვე აღვნიშნავ, რომ შეგნებულად არ გამიკეთებია „ნაციონალების“ შიდაპარტიულ პრობლემებზე და პერეტრუბაციაზე კომენტარი და არც არასდროს ვაპირებ, რომელიმე პარტიის შიდა კონფლიქტები განვიხილო. არაა ეს აქტუალური იმ ფონზე, როცა უამრავი სასაუბრო და სადისკუსიო თემაა ჩვენს ირგვლივ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ვიცე-პრემიერმა ვიდეოდიალოგის ფორმატში მოქალაქეების კითხვებს მეშვიდედ უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები






