თბილისის ზოოპარკის ფეისბუკგვერდი მათი ბინადრის, ასაკოვანი ქალბატონის, შინაბერა ცხენის ისტორიას აქვეყნებს:
"ზოოპარკში ერთი პრჟევალსკის ცხენი გვყავს. ძალიან ასაკოვანი ქალბატონია. დინჯი და დარბაისელი. დიდი ხანია ჩვენთან ცხოვრობს. გათხოვილი არასოდეს ყოფილა. შინაბერაა ასე ვთქვათ. ხან ვინ გვპირდებოდა სიძის გამოგზავნას, ხან - ვინ. ხან ვის ურიგებდნენ, ხან - ვის... ხოდა ასე, ძიებაში გავიდა წლები და დაგვრჩა გაუთხოვარი. არც ბავშვის ყოლის ბედნიერება ჰქონია. არ ვიცით ამის ბრალია, თუ მისი მზრუნველი ბუნების, მაგრამ როდესაც მის ვოლიერში პატარა ჩნდება, კვიცი, ან აზავერის ხბო, ჩვენი პრჟევალსკის ცხენი ბავშვების თავგამოდებულ დამცველად და დედების ერთგულ დამხმარედ იქცევა-ხოლმე. სულ დედა-შვილს დასტრიალებს თავს და იცავს აბეზარი მამრების ან შემაწუხებელი მეზობლებისგან. ეგ კი არა, ადრე თხებთან ერთად ცხოვრობდა და ასევე თავგადაკლული ზრუნავდა ახალშობილ ციკნებსა და მათ დედებზე.
პრჟევალსკის ცხენი ველური ცხენის უკანასკნელი გადარჩენილი სახეობაა. გენეტიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ის არ წარმოადგენს შინაური ცხენის წინაპარს. ამ სახეობის უკანასკნელი ველური ინდივიდი 1969 წელს ნახეს გობის უდაბნოსთან. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა მათი გამრავლება ტყვეობაში და შემდეგ - ბუნებაში დაბრუნება. შედეგად, დღესდღეობით, მონღოლეთში დაახლოებით 300 ინდივიდი ბინადრობს ველურად. ამჟამად ეს სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფად ითვლება."
მასალის გამოყენების პირობები






