,,ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების რუსული კომპანიების ხელში ჩაგდება, ხელს არ შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ძლიერებას და პირიქით, გარდა იმისა, რომ ვკარგავთ სამართლებრივ ბერკეტებს ამ ობიექტების მართვაზე, ვასუსტებთ სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს.
რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ათვისება არანაირად არ შედის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში, ეს მხოლოდ რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს უკავდირდება.
საქართველოს გავლით რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ემსახურება რუსეთის სამხედრო სტრატეგიულ მიზნებს და გარდა იმისა, რომ ამ ტიპის ხელშეკრულება აკანონებს რუსული სამხედრო შენაერთებისა და ტექნიკის თავისუფალ გადაადგილებას ჩვენს ტერიტორიაზე, სამუდამოდ გვაკარგვინებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას - ჩვენ ამით ჯერ აფხაზეთს ვაღიარებთ, შემდგომ კი სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, რადგან სამხედრო ტვირთგამტარობისთვის შემდგომი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან სწორედ სამაჩაბლოდან საავტომობილო გზის ამოქმედება იქნება.
ამიტომ გარდა იმისა, რომ კარასინი-აბაშიძის დიალოგის ფორმატი არ ანიჭებს მხარეებს ამ სახის საკითხების განხილვის უფლებას და ეს ჩვენი ხალხისგან ფარული დეტალებია, იმთავითვე არარაა ამ ფორმატში დადებული ნებისმიერი ტიპის მსგავსი გარიგება. ამიტომ რუსეთის ფედერაციამაც როგორც დაინტერესებულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დამაზარალებელი ნებისმიერი ხელშეკრულება, მომავალი ხელისუფლების მიერ გაუქმებული იქნება დაუყოვნებლივ და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაუბრუნდება საწყის ეტაპს, სადაც საქართველოს პირობა და უცვლელი პოზიცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულება და საოკუპაციო სამხედრო შენაერთების დაუყოვნებლივი გაყვანა იქნება“ - წერს ბურჭულაძე.
მასალის გამოყენების პირობები






