დღეს ლანჩხუთში, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეგიდით ტარდება და მას ორგანიზებას მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი უწევს. მასში მონაწილეობას თავისთავად ადგილობრივი ბავშვებიც მიიღებენ, თუმცა, კულტურის ცენტრის დირექტორის, ნანა შაინიძის გადაწყვეტილებით, ერთი გამონაკლისით-5 წლის გია გოგუაძე, კონცერტიდან მოიხსნა და ის საზეიმო ღონისძიებაზე ლექსს ვეღარ იტყვის და ვერც იცეკვებს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ბავშვს და მის მშობლებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორმა, ნანა შაინიძემ გააცნო.
ოფიციალური მიზეზი, რის გამოც პატარა გიორგი დაისაჯა - ბურთის უვარგისობაა.
მომხდარმა ოჯახში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია-თავად პატარა გიორგი გახარებულია, რომ ამ მომქანცველ და მისთვის გაუგებარ ღონისძიებაში დროის ხარჯვა და ლექსების "ზუთხვა" აღარ მოუწევს, მშობლები კი გაოცებული.
როგორც ირკვევა, 5 წლის გიორგი გოგუაძის დასჯის მიზეზი მისი ბაბუა - მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ამჟამად მთავარი ოპოზიციური ძალიდან ლანჩხუთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი, გია გოგუაძე-გახდა.
თავად ოპოზიციონერი დეპუტატი მომხდარით გაკვირვებულია და კომენტარს არ აკეთებს.
ჯერ ჯერობით გაურკვეველია, თუ კონკრეტულად ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ნანა შაინიძემ დამოუკიდებლად, თუ მას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - ზაზა ურუშაძემ - მიუთითა.
დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სცენარისტმა, ნანა შაიძემ „გურიის მოამბის" კითხვებს, თუ რა მოტივით მოიხსნა დღეს გასამართი კონცერტიდან ყოფილი გამგებლისა და 'ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია გოგუაძის შვილიშვილის, ფაქტობრივად წყევლით უპასუხა.
_ქალბატონო ნანა, თუ შეგიძლიათ ამიხსნათ, რა მოხდა დღეს და რატომ მოიხსნა გია გოგუაძე კნცერტიდან?
_ თქვენთვის ნამდვილად არ მცალია ახლა.
_ უბრალოდ რომ აგვიხსნათ რატომ მოიხსნა?
_ ეს არის პედაგოგის კომპეტენცია, მე ვარ სცენარისტი და რეჟისორი და სულ არ ვკითხულობ იქ ვისი შვილი დგას, განსხვავებით წინა ხელისუფლებიდან.
_ კითხვაზე რომ გვიპასუხოთ არ შეიძლება?
_ ქართველი ხარ ადამიანო? საერთოდ არ ვიცოდი ვისი შვილი იდგა იქ.
_ პედაგოგის ნომერი მოგვეცით თუ შეიძლება?
_ არაა ეს ჩემი კომპეტენცია, ჟურნალისტები ხართ და გაიგეთ თქვენ. თავი დამანებეთ რა. გიდასტურებთ იმას, რომ წარმოდგენა არ მაქვს, ვისი შვილი იდგა აქ. განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, აბსლუტურად კოჰაბიტაციურ რეჟიმში მუშაობს ეს ხელისუფლება და ჩვენ ნიჭს ვცემთ პატივს და არა ფერებს.
_ კოჰაბიტაცია რა შუაშია კულტურასთან?
_ იმ შუაშია, რომ მე ვარ ერთ-ერთი დაზარალებული წინა ხელისუფლების დროს, რომ არ დამაყენეს სცენაზე, იმიტომ რომ ვიყავი ოპოზიციონერი.
_ და იგივეს იმეორებთ თქვენ?
_ მე არ ვიმეორებ და თავი დამანებეთ რა თქვენი სულის ჭირიმე, საქმე გაქვთ დალეული. შემეშვიიით.
_ შეეშვით ასეთ მიდომებს და არ შეგაწუხებთ.
_ ისე თქვენ არ დაესწარით მომავალ ამ დღეს, რამდენიც ნანა შაინიძის ხელი არ ერიოს იმაში, ვისი შვილი სად დადგეს და რა გააკეთოს.
_მწყევლით ქალბატონო?
_ ღმერთმა დამიფაროს, მე მართმადიდებელი ვარ.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






