უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა რთულია, რადგან მას დადებითთან ერთად უარყოფითი მხარეებიც აქვს.
ამის შესახებ საგანელიძემ კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საკმაოდ რთულია. ოპოზიციაში ყოფნის დროს ვაყენებდი ამ საკითხს და ვრჩები ჩემს პოზიციაზე. გახსოვთ, მაშინ მაჟორიტარული ოლქების 75-დან 50-მდე შემცირებას ვითხოვდი. ასევე პროპორციულის 100-მდე გაზრდაზე ვსაუბრობდი. ყველაფრის რადიკალურად ერთ დღეში შეცვლა რთულია. "რაც მე მინდა ის გააკეთე" , ასე არ არის. მაჟორიტარი საუბრობს თავისი რაიონის სახელით და თითოეულ მაჟორიტარს ძალიან გაუჭირდება რაიონის ამომრჩეველს უთხრას, რომ მათ პარლამენტში წარმომადგენელი აღარ სჭირდებათ. ეს რთულია. მივმართავ ჩემს მეგობრებს და კოლეგებს მივმართავ, ვიმსჯელოთ იმაზე, რაც შესაძლებელია და არა იმაზე, რაც მაინც ვერ გაკეთდება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






