საარჩევნო სისტემი რეფორმირებასთან დაკავშირებით ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის ინიციატივით გამართული შეხვედრა დასრულდა. მარგველაშვილის ინიციატივით მოწყობილ კონფერენციას 14 პოლიტიკური პარტია, მათ შორის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის მონაწილეებმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტის ავტორები საქართველოს პარლამენტს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ნორმის შეცვლისკენ მოუწოდებენ. კერძოდ, დოკუმენტში საუბარია მაჟორიტარული სისტემის შეცვლისა და პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე.
საპრლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებენ საკანონმდებლო ორგანოს, დროულად დაიწყოს მუშაობა. მათ უკმაყოფილება გამოხატეს იმ ფაქტის გამო, რომ კონფერენციას სახელისუფლო პარტიის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.
,,ამ პროცესში ჩერთო საქართველოს პრეზიდენტი და ხელი შეუწყო კონსენსუსს და ეს იყო ძალიან დიდი ძალა ჩვენთვის, მეორეს მხრივ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ და სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების ერთობლივი პოზიცია“ - განაცხადა ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.
,,საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების უახელს ისტორიაში გარკვეულწილად არის ისტორიული დღე. მოხდა უპრეცედენტო კონსოლიდაცია პოზიციისა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ერთ კონკრეტულ ფორმულირებას შეუერთდა ძალიან ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო და არასამთავრობო სექტორი“ - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
,,აბსოლუტურ უმრავლესობას შორის - პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობოებისა, ექსპერტებისა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისა, მოხდა კონსენსუსი ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. ამდაგვარი ერთობა საქართველოში არ მომხდარა 20-25 წელია“ - განაცხადა ,,დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა გიორგი ახვლედიანმა.
,,საქართველოში პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება, ყველა, გარდა ხელისუფლებისა, ერთ პოზიციაზე და ეს პოზიცია არის ის, რომ მაჟორიტარული არჩევნები არ უნდა ტარდებოდეს და არ უნდა იყვნენ პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები. ეხლა მთავარია, რამდენად გაიზიარებს ამ ცვლილებას და მოსაზრებებს ხელისუფლება“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა.
,,ეს არის ძალიან კონკრეტული წინადადება - 75 პროპორციული სიით და 75 სამხარეო პროპორციული სიით. ეს წინადადება არმოადგინა როგორც საპარლამეტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორის ძალიან დიდიმა ნაწილმა. მეორე მხარეს არის კოალიცია ქართული ოცნება, რომელიც სამწუხაროდ არ დაესწრო ამ მეტად მნიშნელოვან შეხვედრას“ - განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ.
"პატივცემულო დეპუტატებო!
ჩვენ, საქართველო სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ვთანხმდებით და მოგმართავთ:
საქართველოში დემოკრატიული კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა. არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი.
სწორედ ხსენებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა პარლამენტის წევრთა ინიციატივით, დაუყოვნებლივთ დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. გთავაზობთ საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის 1 პუნქტის ახალი რედაქციის პროექტს:
"საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით, ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან".
კიდევ ერთხელ გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ინიცირებული, რათა 2016 წელს მორიგი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე გონივრული ვადით ადრე შეიცვალოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა.
იმედი გვაქვს, წინამდებარე მიმართვის ტექსტში წარმოდგენილი კონსენსუსი, რომელიც განსხვავებული შეხედულებების მქონე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჯგუფებს აერთიანებს, თქვენი მხარდაჭერითა და საერთო ძალისხმევით აისახება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებში“ - ნათქვამია ნათქვამია პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებულ დოკუმენტში, რომლითაც ისინი საქართველოს პარლამენტს მიმართავენ.
მასალის გამოყენების პირობები






