„თავისუფალი საქართველო“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს უჭერს.
ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„როგორც ცნობილია დღეს პრეზიდენტთან იმართება ოპოზიციური პარტიების შეხვედრა, რასთან დაკავშირებითაც, გვსურს დავაზუსტოთ „თავისუფალი საქართველოს“ პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით:
1. მიგვაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემის არსებული მოდელი ჩამოყალიბდა როგორც საზოგადოების კლანური სტრუქტურის ორგანული ნაწილი, რომელიც შერწყმულია ეკონომიკურ მონოპოლიებთან და ხელს უშლის ქვეყნის თავისუფალ განვითარებას. „თავისუფალი საქართველო“ მხარს უჭერს მაჟორიტარული ოლქების გაუქმებას და ერთიანი პროპორციული სიის შემოღებას;
2. მიუღებლად მიგვაჩნია აგრეთვე რეგიონულ-პროპორციული სისტემის შემოღება, რამდენადაც ერთის მხრივ საქართველოს კონსტიტუცია არ ცნობს ქვეყნის რეგიონულ მოწყობას და მეორეს მხრივ, რეგიონული სისტემა ფაქტობრივად აწესებს დაახლოებით 15%-იან საარჩევნო ბარიერს, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ისედაც ორპარტიულ პარლამენტში საზოგადოების ხმას;
3. და ბოლოს აუცილებელია დროულად შეიქმნას ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც დაიწყებს საარჩევნო რეფორმის პროექტის მომზადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ განხილვას და კონფერენციას მხოლოდ თეორიული ხასიათი ექნება და მომავალი არჩევნები ისევ ძველი, კორუფციული სისტემით ჩატარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






