"ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა პრეზიდენტის სასახლში მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.
"ნახევარ წელიწადზე მეტია საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მუშაობენ თემაზე, რასაც ჰქვია საარჩევნო სისტემის შეცვლა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აუცილებელია მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, ეს არის ის დანაპირები, რომელიც სხვათა შორის, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში ეწერა. თუმცა ამ კუთხით ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო ცვლილების იმ ვარიანტზე აწერს ხელს, რომელზეც პარტიები და არასამთავრობოები შეთანხმდებიან“, - განაცხადა გოგორიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო სისტემის რეფორმის განხილვის მიზნით კონფერენცია იწყება, რომელსაც გიორგი მარგველაშილი და საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი ესწრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






