ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ გიორგი გუდაძეს შსს-ს მაღალჩინოსანი ემუქრებოდა და ქვეყნის დატოვებას სთხოვდა.
ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა, დავით კორკოტაშვილმა “პირველი რადიოს” გადაცემა „უფლებადამცველში“ საუბრისას განაცხადა.
მან კონკრეტული გვარიც დაასახელა.
„ეს ადამიანი არის პოლიციის მაღალჩინოსანი გიგი დალაქიშვილი. მისი სახელით ეუბნეოდნენ - გიგიმ შემოგითვალა საქართველო დატოვე, თორემ შარს გადაეყრებიო“, - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე ინფორმაციით, გუდაძემ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე შსს-ს გენინსპექციაში იმყოფებოდა, სადაც პოლიციის მხრიდან მის მიმართ განხორციელებლ ზეწოლაზე ინფორმაცია მიაწოდა.
„იმის ნაცვლად, რომ მის განცხადებას რეაგირება მოჰყოლოდა, დილიდან პოლიციელები რამდენიმე მანქანით გიორგის უთვალთვალებდნენ. ეს იცოდა გიორგიმაც. მობეზრდა დევნა და სპეციალურად საგზაო წესები დაარღვია. მივარდნენ პოლიციელბი დაახლოებით 20 წუთში, თუმცა იმ ადგილიდან გაიყვანეს, რადგან ის განათებული ადგილი იყო. გაიყვანეს გვერდით, დაანახეს ნარკოტიკი და უთხრეს, პანიკა არ აეტეხა. ეს ყველაფერი იყო წინაპირობა, რომ მისთვის ნარკოტიკი ჩაედოთ“, - ამბობს კორკოტაშვილი.
გუდაძე სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






