ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენგბერგმა ვაშინგტონში, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევით ცენტრში სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ პარტნიორობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.
"საქართველოსთან ძალიან ახლო პარტნიორობა გვაქვს. ამ ეტაპზე ვახორციელებთ ძირითად პაკეტს, რაც ჩვენს შორის პარტნიორობას კიდევ უფრო აღრმავებს. ასევე ვართ სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბების პროცესში. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებაში, რაც კარგია არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისთვის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბრისას, გენერალურმა მდივანმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტი გაიხსენა და თქვა, რომ ალიანსი მაშინ მიღებულ გადაწყვეტილების ერთგული რჩება, თუმცა ნატოს გაფართოების შემდეგ ეტაპზე მან პრიორიტეტულ ქვეყანად მონტენეგრო დაასახელა.
"როდესაც საქმე ალიანსში გაწევრიანებას ეხება, იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი რაც არაერთხელ უკვე ითქვა. მე ბუქარესტის სამიტს ვესწერებოდი 2008 წელს, როცა ალიანსმა საქართველოზე გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ბოლო სამიტზე ისიც გადავწყვიტეთ, რომ პირველ რიგში მონტენეგროს გაწევრიანების საკითხი იქნება განხილული, რაც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოხდება"- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მან ალიანსის რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსკოვმა მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს პატივი უნდა სცეს.
"ჩვენ რუსეთთან კონფრონტაცია არ გვინდა. ასევე არ გვსურს რუსეთის იზოლირება. ჩვენ რუსეთთან კონსტუქციული ურთიერთობა გვინდა. ეს ხელს შეუწყობს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას. მაგრამ რუსეთი შეიცვალა და ჩვენ ცვლილებას ფეხი უნდა ავუბათ. ამ პროცესში ჩვენ არ შევიცვლებით და ჩვენი პრინციპების დაცვას გავაგრძელებთ" - განაცხადა მან.
გენმდივნის განცხადებით, ალიანსი პარტნიორი ქვეყნების საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სტაბილურობაზე იზრუნებს.
„ეს ქვეყნები ბუფერული ზონა არ არის - ისინი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოები არიან და ჩვენ განვაგრძობთ მათ დამხარებას“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები






