საქართველოს რკინიგზით რამდენიმე რუსული კომპანიაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შენდეგ გააკეთა. საუბარია რკინიგზაზე, რომელიც აზერბაიჯანის გავლით გადის საქართველოზე.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან არის წინადადებები, რომ საქართველოს ტრანზიტი რუსული პროდუქციის ექსპორტისთვის გამოიყენონ, მათ შორის საუბარია ნავთობპროდუქტებზეც. ტვირთების გადაზიდვა მოხდება პორტებში, ფოთსა და ბათუმში.
აბაშიძე არ ასახელებს კონკრეტულად რომელი რუსული კომპანიები ინტერესედებიან, თუმცა აცხადებს, რომ პროექტის განსახორციელებისთვის მზად არის როგორც „საქართველოს რკინიგზა", ისე პორტები.
აბაშიძის განცხადებით, კარასინი-აბაშიძის შეხვედრა გაფართოებული ფორმატით შედგება და მასში საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
"თუ აქამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ამ შეხვედრაში, ახლა ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ლოგიკურია, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და ამ სფეროს ექსპერტი უნდა ესწრებოდეს," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს შედგება.
მასალის გამოყენების პირობები






