ჩვენი მთავრობის პირობებში ხელნაწერთა ცენტრის მიმართ ინტერესი და ყურადღება გაზრდილია ისე, როგორც არასოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის დავალებით, ცენტრის ფონდებში არსებულ ვითარებას სახელმწიფო კომისია შეისწავლის, რამდენიმე კვირაში კი ხელფასების ზრდის პროცესი დაიწყება, ასევე, აშენდება ახალი შენობა, რომლის პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება.
ცენტრში განვითარებული მოვლენები პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ ხელოვნურად მართულ პროცესად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის პოლიტიზება დაუშვებელია.
„ხელნაწერთა ინსტიტუტთან დაკავშირებით რაღაც აჟიოტაჟი შეიქმნა და ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, პოლიტიზირებული და კარგად დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა.. იცით, რომ იგეგმება ახალი შენობის აშენება. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ცენტრის მიმართ ინტერესი და ყურადღება გაზრდილია ისე, როგორც არასოდეს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე უწყების კუთვნილება, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უდიდესი საგანძური. იქ ინახება მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერები, რომლებიც ძალიან ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის. წლების განმავლობაში, მთავრობები ცენტრს ყურადღებას არ აქცევდნენ და ახლა აღმოჩნდა ის ყველასთვის მნიშვნელოვანი, მათ შორის ჩვენი ოპონენტებისთვის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ფარისევლობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ცენტრის ახალი დირექტორი, ზაზა აბაშიძე, დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს.
მან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის არჩევის წესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ცენტრს, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეფექტური მმართველი სჭირდება, რომლის დანიშვნაში სახელმწიფოს მონაწილეობა აუცილებელია.
მასალის გამოყენების პირობები






