ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის მინისტრის, ლევ კუზნეცოვის განცხადებით, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, რუსეთი კურორტ გაგრის მოდერნიზაციისათვის, 1.3 მილიარდი რუბლს გამოყოფს. ამის შესახებ კუზნეცოვმა სოხუმში ვიზიტისას განაცხადა.
მისივე თქმით, აფხაზეთის, როგორც ტურისტული ცენტრის განვითარების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ელექტროენერგიის პრობლემაა.
„ქალაქის მთავარ ქვესადგურზე ფაქტიურად ყველა მოწყობილობა გამოცვლას საჭიროებს. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე შევუდექით მუშაობას. 2016 წლამდე ყველა ქვესადგურის მოდერნიზაცია უნდა მოხდეს, რომლის საერთო ღირებულება 250 მილიონ რუბლს აღწევს”– განაცხადა ლევ კუზნეცოვმა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2015-2017 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას ისახავს მიზნად, მთლიანობაშ 9.3 მილიარდი რუბლის გამოყოფა იგეგმება. აქედან 65% ტურისტული ზონის განვითარებას მოხმარდება.
კუზნეცოვის თქმით, წლის ბოლომდე აფხაზეთის ძირითადი სამედიცინო დაწესებულებების უახლესი სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფაც იგეგმება. ასევე სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა. მიმდინარე წელში უნდა დასრულდეს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეკონსტრუქცია.
მასალის გამოყენების პირობები






