პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო საკითხებზე შეხვედრა იმართება. გიორგი მარგველაშვილს არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხვდებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე მონაწილეებმა განაცხადეს, პრეზიდენტთან დღევანდელი საუბრის ძირითადი თემა იქნება ორ დღეში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საარჩევნო საკითხებს შეეხება. მათივე თქმით, საუბარი ასევე შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა აბაშიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციას შორის სრული კონსენსუსია მიღწეული, თუმცა გარკვეული საკითხებია დასაზუსტებელი.
„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მანდატების ასეთი განაწილება არის არაკონსტიტუციური. პრეზიდენტი უშუალოდ ჩაერთო ამ პროცესებში, რაც ძალიან კარგია. ოპოზიციას შორის მთლიანობაში კონსენსუსი მიღწეულია, თუმცა გარკვეული დეტალებია შესათანხმებელი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან. "ქართული ოცნება" მხარს არ უჭერს ამ პროცესს. ერთ მხარეს ვიდგებით ჩვენ, მეორე მხარეს კი "ქართული ოცნება", - განაცხადა აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






