პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების განსაზღვრის წესს ეხება.
მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესაბამისად ხელისუფლება საზოგადოებას საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს შესთავაზებს.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ოლქების დადგენის წესი და არა - მაჟორიტარული არჩევნები. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ჩათვალა ის ნორმები, რომლებიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების განსაზღვრის წესს ადგენს და ავტომატურად აბამს ოლქებს მუნიციპალიტეტების საზღვრებს. ეს იმიტომ რომ არ შეილახოს მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპი. სასამართლომ იმსჯელა იმაზე, თუ რა პრინციპების შესაბამისად უნდა ხდებოდეს ოლქების საზღვრების დადგენა ანუ ოლქებში ამომრჩევლების რაოდენობის განსაზღვრა. „ქართულ ოცნებას" ამ საკითხზე გვქონდა მკაფიო პოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში და შემდგომაც, რომ ეს ხარვეზი იყო გასასწორებელი. უახლოეს ხანებში საზოგადოებას შევთავაზებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს. აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად უახლოეს დღეებში ვიმსჯელებთ“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების განსაზღვრის წესი არაკონსტიტუციურად სცნო.
მასალის გამოყენების პირობები






