„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი, პარტიიდან ოთხეულის წასვლას და წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ჭიაბერაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბარში აცხადებს, ოთხეულის სახელით გამოქვეყნებულმა განცხადებამ არსებულ კითხვებს, პასუხი ვერ გასცა.
ჭიაბერაშვილის თქმით, განახლება, რომლის აუცილებლობაზეც განცხადებაშია საუბარი პარტიაში მიმდინარეობდა და ამის მაგალითად ჭიაბერაშვილს, თავად ზურაბ ჯაფარიძის ფაქტორი მოჰყავს:
„ამის მოსმენა იმ ადამიანისგან რომელიც 2 წლის წინ შემოუერთდა პარტიას, მას ენდნენ და პარტიის მნიშვნელოვანი პოსტი ჩააბარეს ცოტა ღიმილის მომგვრელია. პარტიის სამდივნოში წამყვანი პოზიციები უკავიათ და ეკავათ, როგორიც არის პოლიტიკური მდივანი სერგო რატიანი, საორგანიზაციო მდივანი გიორგი ვაშაძე და მათ შორის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე და რას ნიშნავს რომ პარტია არ განიცდიდა განახლებას?
თუ ისინი სრულ განახლებაში გულისხმობენ იმას, რომ ვინც კი პარტია შექმნა, პარტიაში იყო იმ პერიოდებში როცა ის იყო ჯერ ოპოზიციაში, შემდეგ ხელისუფლებაში და შემდეგ ისევ ოპოზიციაში და ყველა ეს ადამიანი უნდა წავიდეს. ამის პრეცენდენტი მაჩვენონ მსოფლიოში და გავჩუმდები. მაგრამ მსგავსი პრეცენდენტი არ არსებობს. მითუმეტეს, რომ ამ ოთხეულიდან სამი საკმაოდ ძველი სახეა და მათგან ახალ სახეებზე საუბარი ღიმილის მომგვრელია.“
ჭიაბერაშვილის განცხადებით აზრთა სხვადასხვაობა ყველა პარტიაში არსებობს, თუმცა პარტიის წევრებმა უნდა დაიცვან წონასწორობა და საკუთარი ამბიცების ხარჯზე მთავარი იდეა არ დააზიანონ:
„პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და ეს ჯანსაღი პროცესია, პარტიის წევრებმა უნდა შემოიტანონ ახალი იდეები, ამასთანავე საკუთარ ამბიციებს არ უნდ გადააყოლონ საერთო მიზანი, დაიცვან წონასწორობა და თუ მისი რაიმე იდეა არ გადის, ამის გამო ფხუკიანობას არ უნდა ქონდეს ადგილი, როგორც მინიმუმ.“
ჭიაბერაშვილის თქმით არსებობდა თუ არა ამ მოვლენაში ივანიშვილის ფაქტორი ეს მომავალში გამოჩნდება:
„ეს იყო პოლიტიკური უმწიფარობა მათი მხრიდან, შესაძლოა ადამიანი პოლიტიკაში იყოს 20 წელი და შემდეგ გამოავლინოს ეს, შედეგი არის ის რომ ღარიბაშვილი და ხადური არიან გახარებულები და რამდენიმე დღის განმავლობაში მიეცათ საშუალება რომ ნაციონალური მოძრაობის წნეხიდან გამოსულიყვნენ. ნუ იფიქრებს ნურც ღარიბაშვილი, ნურც ხადური, ნურც ჯაფარიძე და ნურც კუბლაშილი, რომ ნაციონალების მხრიდან ივანიშვილზე ზეწოლა რამენაირად შესუსტდება„
ჭიაბერაშვილი თქმით წასულ ოთხეულს მასთან საუბარი არ ქონია, ამასთანავე აცხადებს, რომ კითხვა იმის შესახებ არსებობს თუ არა შანსი, რომ თავადაც დატოვოს ენმ მისთვის შეურაცხმყოფელია და უარყოფს გავრცელებულ ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შესაძლოა პროდასავლური ძალების გაშლის და გამრავალფეროვნებისთვის წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი იყოს:
„მათი ეს ნაბიჯი არც ქვეყნის და არ ც ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში არ შედის, მკაფიოდ გიდასტურებთ, რომ ეს არანაირად არ წარმოადგენს, რაიმე შეთანხმებულ თამაშს“.
ჭიაბერაშვილი მომავალში ყოფილ თანაგუნდელებთან თანამშრომლობაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მათი ამ საქციელის შემდეგ გაუჭირდება მათ კიდევ ენდოს:
„ჩემთვის მათი წასვლა მოულოდნელი იყო და წინასწარ როგორ გავცე ავანსად ნდობის კრედიტი მასზე, ფუნდამენტური შეცდომა უკვე დაუშვეს და რა დარწმუნებული ვარ რომ ხვალ არ დაუშვებენ, მათ ჩაიდინეს პოლიტიკურად გაუმართლებელი საქციელი და ასევე მორალურადაც, რადგან ჩვენი მეგობრები ციხეში არიან“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






