„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ყოფილი თანაგუნდელების მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ამის სათქმელად წავიდნენ პარტიიდან? ეს 2 დღის წინ ვერ თქვეს?“, - წერს თაქთაქიშვილი.
ყოფილმა „ნაციონალებმა“ პარტიიდან წასვლის შესახებ განმარტება ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.
„....რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება?
ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ ღიად ან ფაქტობრივად პრო-რუსული ძალები.
ამ რეალობის შეცვლის შანსი ჰქონდა მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ოპოზიციურ ძალას, რომელმაც გაუძლო წარმოუდგენელ წნეხს ოლიგარქის მარიონეტი მთავრობის მხრიდან, გადარჩა და აგრძელებს ბრძოლას. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩააბარა ორი უმნიშვნელოვანესი გამოცდა: 1. მშვიდობით გადააბარა ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას და 2. არ დაიშალა, გადარჩა და შედგა როგორც ძლიერი, კომპეტენტური ოპოზიციური ძალა.
პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-მა ვერ ჩააბარა. არადა სწორედ ეს არის დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა...“, - ნათქვამია განცხდებაში.
მასალის გამოყენების პირობები






