სახელმწიფოს მეთაური დღეს ქუთაისში ჩავიდა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა და სამხედროებს სიტყვით მიმართა.
"ერები იბადებოდა და ქრებოდა, მაგრამ ჩვენი სამშობლო მაინც მტკიცედ იდგა თქვენნაირი ადამიანების, ჯარისკაცების დამსახურებით, რომლებიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ამ მშვენიერ და სათაყვანებელ ქვეყანას, ჩვენს მამულს. ამ ადამიანების შრომით და შემოქმედებით შეიქმნა არაჩვეულებრივი კულტურა, რომლითაც ვამაყობთ მთელ მსოფლიოში; მათი შრომით შეიქმნა სახელმწიფო, რომელმაც გაუძლო ყველა გამოწვევას. იყო სირთულეები და მომავალშიც იქნება, მაგრამ დღევანდელ და მომავალ თაობასაც ექნება ძალიან ძლიერი და წარმატებული წუთები, როდესაც გავერთიანდებით იმ სიამაყით, რომელსაც საქართველოს ჩვენი შრომა, ჩვენი ღვაწლი, ჩვენი თავდადება მოუტანს.
დღეს მე ქართულ ჯართან ერთად ვზეიმობ, რადგანაც სწორედ თქვენ ხართ ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერის; თქვენი თავდადება, სიძლიერე და პროფესიონალიზმი იმის გარანტია, რომ ჩვენი ღვაწლი სამშობლოსთვის იქნება დაცული და დაფასებული. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმზე დგას ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე, მოქალაქეების სიმშვიდე; ამიტომ, თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ სიამაყით ვიხსენებ ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, რომელიც სიამაყით გვავსებს და ვიხედები წინ - მომავალ საუკუნეებში, სადაც ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები და ერთიანები ვართ.
დღეს, აქედან მინდა მივესალმო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ეთნოსის, ყველა რელიგიის წარმომადგენლებს, ვისთვისაც მთავარი ღირებულება ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სიძლიერეა. მსურს კიდევ ერთხელ მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც დღეს საქართველოში არ იმყოფებიან და უცხოეთში ზეიმობენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მსურს სიმტკიცით და იმედით გითხრათ, რომ საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც თავისუფალი არჩევანით მომავალში კიდევ უფრო ძლიერი და გამთლიანებული იქნება მეგობრობით, ერთმანეთის სიყვარულით, მომავალის რწმენითა და იმედით“, - მიმართა გიორგი მარგველაშვიმა ჯარისკაცებს.
მასალის გამოყენების პირობები






