საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
სააკაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჩართვისას სამხედრო აღლუმის გაუქმებას გამოეხმაურა.
ექსპრეზიდენტის თქმით, საქართველოში მიზანმიმართულად მიმდინარეობს თავდაცვითი სტრუქტურების ნგრევა, რისი გამოხატულებაც არის მათ შორის აღლუმის გაუქმება.
„2011 წელს, ამ დღესასწაულს დაარტყა საქართველოს მტერმა, მათმა აგენტებმა, გრუს გადმოგზავნილმა ჯგუფმა. 2011 წელს 26 მაისის ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ. ეს არ არის შემთხვევითი. შემდგომ მოვიდნენ და გააუქმეს საერთოდ ეს დღესასწაული, რითაც გვითხრეს, თქვენ არავინ არ ხართ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ბანძებიო. ბანძები არიან ისინი, ჩვენ ვართ საქართველო და საქართველო გაიმარჯვებს. აღლუმის გაუქმება არ არის შემთხვევითი. ზუსტად იგივეს აკეთებდა ყოველ წელიწადს იანუკოვიჩი აქ. იანუკოვიჩმა გააუქმა უკარინის დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი და უკრაინა ამას აღარ აკეთებდა. მართლაც, ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა. ამ ბრძოლაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ამ იმპერიას ღირსეული პერსპექტივა არ აქვს. ჩვენი მთავრობის პირობებში საქართველო გამთლიანდება და აუცილებლად, შეუქცევადად დაიბრუნებს ადგილს მსოფლიო რუკაზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






