პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე „თავისუფლების მოედნიდან“ მიულოცა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს რის ფასად არის მოპოვებული დამოუკიდებლობა.
„დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ჩვენს წვევამდელებს ვულოცავ. სიმბოლურია, რომ თქვენ დღეს გახდით საქართველოს ჯარისკაცები. დღეს თქვენი ფიცით განამტკიცეთ მზადყოფნა, რომ ჩვენ სამშობლოს ემსახუროთ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რის ფასად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. ეს იმ ადამიანების თავდადების შედეგია, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ქვეყნისთვის. ჩვენ ყველანი ვემსახურებით საქართველოს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მე მჯერა, რომ თქვენ საპატიოდ ატარებთ ჯარისკაცის სახელს. მე დარწმუნებული ვარ, ეს პატრიოტული სულისკვეთება შეგმატებთ ძალას, რომ ბოლომდე ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. ჩემთვის დიდი პატივია 26 მაისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მივულოცო. განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოდან შორს მსოფლიოში მშვიდობისთვის იბრძვიან და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის დამოუკიდებლობას, ასევე ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას და მათ მომავალს“, - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






