ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, დღის წესრიგით სულ სამი საკთხი განიხილეს.
ხმაური სხდომათა დარბაზში დეპუტატებთან გაცნობის მიზნით შემოსული გუბერნატორის - გია სალუქვაძის სიტყვებს მოჰყვა, სადაც ის გურიის მხარის განვითარების გეგმაზე საუბრობდა.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის დავით მჟავანაძის კითხვას, რომ სალუქვაძის გუბერნატორად დანიშვნა, გურიასთან დაკავშირებით მისივე გამორჩეული ხედვების გამო მოხდა, თუ იმ ფილმის დამსახურებით, რაც ციხეში არსებულ სიტუაციაზე გადაიღო და სკოლის მოსწავლეებს აჩვენა, დარბაზში ხმაური და ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა.
იყო დეპუტატების ტაშიც, რაც მჟავანაძის კითხვაზე გუბერნატორის კონტრშეკითხვას მოჰყვა: “თქვენ უარყოფთ იმ ფაქტებს, რაც ფილმშია ასახული და რაც რეალურად ხდებოდა ციხეებში? თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამ ფაქტის უარყოფა, მაშინ ამ ფილმს აქვს უფლება, იხილოს საზოგადოების ნებისმიერმა წევრმა".
გუბერნატორის კითხვის შემდეგ, დეპუტატმა, ლელა ნაცვალაძემ, მჟავანაძეს ავადმყოფი უწოდა და მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის სურვილიც გამოთქვა.
რაც შეეხება რამდენიმე სოფლის დეპუტატს, მათ მჟავანაძეს, განვლილი ცხრა წელი შეახსენეს, თუ როგორ არაადამიანურად უსწორდებოდნენ ყოფილი ხელისუფლების წევრები ბიზნესმენებსა და პატიმრებს. ყველაზე ხმამაღალი და შეურაცხმყოფელი, უფრო სწორად ბილწი გამონათქვამით, თავი კონჭკათის მაჟორიტარმა გამოიჩინა: “გასკდა თავი, ნუ ბალამუტობ, შენ ყ....".
რამდენიმე წუთიანი ურთიერთბრალდებები, სიტყვიერი დაპირისპირება და უხეში გამონათქვამები: "თქვენ ცოცხები კი არა, ფარჩხები გეკუთვნით", "ინტრიგნები ხართ და რა გაქვთ სალაპარაკო", "პროვოკაციის მოსაწყობად მოხვედით აქ, ნამუსი არ გაქვთ", მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩიამ, საკმაოდ მკაცრად გააფრთხილა დეპუტატები, შეეწყვიტათ ხმამაღალი საუბარი და პირობაც მისცა მათ, რომ მსგავსი ფაქტის საკრებულოზე განმეორების შემთხვევაში დადგებოდა კონკრეტული დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხი.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






