ევროპის სახალხო პარტიის რიგის დეკლარაცია საქართველოს სუვერენიტეტს მხარს უჭერს, თუმცა დემოკრატიის უკან დახევაზე საუბრობს.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის სახალხო პარტიის რიგის შეხვედრაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისადმი მიძღვნილი დეკლარაცია მიიღეს, სადაც საქართველოსთვის მნიშნველოვან საკითხებზე რამდენიმე პრინციპული პოზიციაა დაფიქსირებული.
„დეკლარაციაში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის ოკუპაციის საკითხები განხილულია როგორც ერთი პრობლემის ნაწილები. დაგმობილია რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების არშესრულება და მათთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება „რაც ამ რეგიონების დე ფაქტო ანექსიის ტოლფასია, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და ძირს უთხრის მშვიდობას ევროპაში“, - განაცხადა კანდელაკმა.
მისი თქმით, დეკლარაციაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიის უკანდახევის გამო.
„ამ და სხვა მიზეზების - ქვეყანაში არსებული არაკომპეტენტური პოლიტიკის, ორგანიზებული დანაშაულის გაძლიერებისა და ეკონომიკური კრახის გამო, დეპუტატი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივასა და უვიზო მიმოსვლას ვერ მიიღებს.
„სავარაუდოდ და სამწუხაროდ, საქართველო ვერც მკაფიო პერსპექტივას ევროკავშირში გაწევრიანების და ვერც უვიზო მიმოსვლას ვერ მიიღებს. ცხადია, ნეგატიურ ფონს ხელი შეუწყო ოპონენტების დევნამაც. ჩვენ, როგორც ქვეყანამ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ევროპული მომავლისთვის - ამას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ როგორც ოპოზიცია ვაგრძელებთ მუშაობას და EPP დეკლარაცია შეიცავს ყველა კომპონენტს, რაც კი საქართველოს სჭირდება. მომავალ თვეებშიც, ამ მიმართულებით, ყველა ღონეს ვიხმართ,მაგრამ ევროპული მომავლის აშენება შეუძლებელია ქვეყნის შიგნით ვითარების შეცვლის გარეშე,“ - აღნიშნა კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






