საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე დიღომში გზის გადაკეტვას ეხმაურება და მომხდარის გამო მერიას არაკვალიფიციურობაში ადანაშაულებს.
აბესაძე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ნარმანიასა და მისი მთავრობის უავტორიტეტობით, არაკვალიფიციურობითა და სისულელით თბილისელებისათვის შექმნილი მორიგი პრობლემა -
საგზაო მოძრაობის დადგენილი მარშრუტების შეცვლა (გზის გადაკეტვა, სხვა საგზაო მონაკვეთებზე სატრანსპორტო ნაკადის გადართვა) გასულ წლებში თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურთან შეთანხმებით ან/და მათი დავალებით ხდებოდა და ისიც მხოლოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებების გამართვის უზრუნველსაყოფად. ეს საშუალებას იძლეოდა, წინასწარ დაგეგმილიყო ალტერნატიული მარშუტები საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების მანქანებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რის შესახებაც რამდენიმე დღით ადრე ეცნობებოდა საზოგადოებას, ხოლო წინასწარ მომზადებული საპატრულო ეკიპაჟები უზრუნველყოდნენ ტრანსპორტის მოძრაობის მიმართვას ალტერნატიულ მიმართულებებზე.
როგორც გამოჩნდა, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულმა ,,თბილისი 2015"-ის ადმინისტრაციამ უავტორიტეტო მერიისთვის ამ საკითხზე ინფორმაციის მიწოდებაც კი არ ჩათვალა საჭიროდ; ან, მიაწოდა ეს ინფორმაცია და არაკვალიფიციურმა მოხელეებმა სწორი გადაწყვეტილებების მიღება ვერ შეძლეს; ან, სულელმა მოხელეებმა წინასწარ ვერ გათვალეს ელემენტარული საკითხი - ცენტრალური მაგისტრალის ჩაკეტვა მოსახლეობის გაუფრთხილებლად სერიოზული, მძიმე შედეგების გამომწვევი შეიძლება გახდეს.
დასკვნა მარტივია, მერია უავტორიტეტო და არაკვალიფიციურია, საპატრულო პოლიცია დეზორგანიზებული და დაბნეულია, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ეს ყველაფერი სულერთია - დაზარალებული კი ისევდაისევ მოსახლეობაა, რომელიც ყოველდღიურად იძულებულია საკუთარ თავზე იწვნიოს ,,ქართული ოცნების" მორიგი შეცდომის მძიმე შედეგები”, - წერს ირაკლი აბესაძე.
აღმაშენებლის ხეივანსა და მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა რამდენიმე საათი პარალიზებული იყო. გადაკეტილი იყო ასევე დიღმის საავადმყოფოებთან მისასვლელი გზა, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა შელაპარაკება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და მძღოლებს შორის.
მასალის გამოყენების პირობები






