განათლების სამინისტრო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ზეწოლისგან ეროვნული ცენტრის დირექტორობის მსურველ პირებზე.
ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"გამომდინარე იქიდან, რომ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებამ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში ბუბა კუდავას კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე დადგენილება გამოსცა, სამინისტრო მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომით იქმნება არაჯანსაღი გარემო, რაც კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ მხოლოდ გამჭვირვალე პროცედურებითა და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით მოქმედებს და იმოქმედებს. სწორედ ამ მიზნით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის შესარჩევად, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდა არა მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებით, არამედ, შესაბამისი დარგის სპეციალისტებით. კომისიის ერთ-ერთი წევრია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა ალექსიძეც. აღსანიშნავია ისიც, რომ სურვილის შემთხვევაში, თითოეული კანდიდატისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს გასაუბრების ვიდეო გადაღებას, რისი გასაჯაროების უფლებაც კანდიდატს აქვს. შესაბამისად, პროცესი იქნება გამჭვირვალეა და უზრუნველყოფს თითოეული კანდიდატის ინტერესების დაცვას. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ პროცესის გართულებისაგან, რათა კომისიას მიეცეს საშუალება თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






