სერგო რატიანის თქმით, პროცესი ცენტრალური ხელისუფლების მიერ იყო მართული. რატიანი ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დაყენებას ითხოვს.
„გუშინ მომაწოდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნა 14 მარტს ფოთში სკოლის მოსწავლეების პროპაგანდისტული ფილმის ჩვენებაზე მიყვანასთან დაკავშირებით. დასკვნიდან ცხადად ჩანს, რომ სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ფილმზე მიყვანის პროცესს პირადად ხელმძღვანელობდნენ ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, სწორედ მათ დაავალეს ქალაქის რესურს-ცენტრის უფროსს გოჩა ქორქიას მოსწავლეებისა და მასწავლებლების ფილმზე მიყვანის ორგანიზება.
პროცესში ასევე მონაწილეობდა განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი დავით შეროზია.
თუ ჩვენ გვაქვს ოდნავი პრეტენზია მაინც, რომ წარმოვადგენთ თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფოს, ქალაქ ფოთის ამჟამინდელი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ.
მე ვისურვებდი, ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასგან მომესმინა, რომელსაც, როგორც ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.
საზოგადოებას ახსოვს, რომ სიძულვილისა და ძალადობის წახალისების კამპანიაში მოსწავლეების მონაწილეობა სამეგრელოს რამდენიმე ქალაქში იყო ორგანიზებული. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ პროცესების მართვა და სინქრონიზება ცენტრალური ხელისუფლების, და კერძოდ, პრემიერ-მინისტრის გარეშე მომხდარიყო. ამ გარემოებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა გურიის გუბერნატორად სწორედ ამ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გია სალუქვაძე დანიშნა,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






