ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება და ამბობს, რომ მისი უწყების ლიდერობა კვლევებში მთელი სამთავრობო გუნდის დამსახურებაა.
მისი თქმით, მალე გამოქვეყნდება მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც წინასწარი მონაცემებით, ახლოსაა NDI-ს კვლევის შედეგებთან.
„ცხოვრებისეული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლიდერობა და აღიარება ყოველთვის გაზრდილ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ასეთი ტიპის კვლევების შეფასებაში ექსპერტიზა გამიჭირდება. თუმცა, პირველ ნაწილში იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროში გატარებული შეფასებები დიდი მოწონებით სარგებლობს, ხოლო მეორე ნაწილში იგივე კვლევა ამბობს, რომ ეს რეფორმები არ იყო მიმართული საზოგადოებისკენ. გამიჭირდება ამის ინტერპრეტაცია. არ ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ასეთი გამოკვეთილი ლიდერია და ყველა სხვა დანარჩენმა არ გაატარა რეფორმები. ის რაც განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროში, იყო არა მინისტრის და სამინისტროს დამსახურება, არამედ მთლიანად სამთავრობო გუნდის და პოლიტიკის“, - განაცხადა სერგეენკომ.
NDI-ის კვლევის თანახმად მოსახლეობის უმეტესობა დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს. შემდეგ მოდის იუსტიციის და განათლების სამინისტროები.
NDI-მ კვლევითი სამუშაოები 27 მარტიდან 19 აპრილამდე აწარმოა. გამოიკითხა 4360 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევას შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები






