ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC– საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არცერთ პარტიას არ ანიჭებს უპირატესობას ან არ იცის, თუ ვის უჭერს მხარს. მოსახლეობის მხოლოდ 21 პროცენტმა დაასახელა ქართული ოცნება, როგორც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია და 13 პროცენტმა კი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო რეგულარულად იკვლევენ მოსახლეობის აზრს და საზოგადოებას ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად მნიშვნელოვან მონაცემებს სთავაზობენ. ამ საქმიანობის მიზანია, დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები.
„დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ, რადგან არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას,“ – განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს დირექტორმა –
„მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის ანიჭებს უპირატესობას. ეს თითოეულ პარტიას აძლევს საშუალებას, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი წელიწადნახევარი დაუთმოს მოქალაქეეების მზარდაჭერის მოპოვებას მათ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის გატარებით.“
პარტიული პრეფერენციები დიდწილად განსაზღვრავს მოსახლეობის განწყობებს და იმას თუ როგორ ხედავენ ისინი საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის მდგომარეობას. ქართული ოცნების მხარდამჭერებს სხვა რესპოდენტებზე უფრო მეტად სჯერათ, რომ მთავრობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს (76 პროცენტი – ქართული ოცნების პარტიის მხარდამჭერები, 44 პროცენტი – ეროვნული მაჩვენებელი), რომ მათი ოჯახები უკეთ ცხოვრობენ (27 პროცენტი – ქართული ოცნების პარტიის მხარდამჭერები, 11 პროცენტი – ეროვნული მაჩვენებელი) და რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება (52 პროცენტი – ქართული ოცნების პარტიის მხარდამჭერები, 23 პროცენტი – ეროვნული მაჩვენებელი). თუმცა, ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს მსგავსი დამოკიდებულება აქვთ რუსეთის მიმართ და მის გავლენას ნეგატიურად აღიქვამენ.
მთლიანობაში, მოსახლეობა კმაყოფილია მინისტრების საქმიანობით: ისინი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობას ყველაზე უკეთ აფასებენ (43 პროცენტი), მაშინ როცა ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი ყველაზე დაბალია და 6 პროცენტს შეადგენს. მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტი აფასებს პარლამენტის საქმიანობას კარგად. საქართველოს პოლიციის მოწონების მაჩვენებელი, რომელიც 2010 წელს 60 პროცენტს აღემატებოდა, 33 პროცენტამდე დაეცა.
ყველაზე მოწონებადი საჯარო პირები საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II (87 პროცენტი), საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (52 პროცენტი) და ოპოზიციური პარტიის, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია (51%) არიან. რაც შეეხება სხვა საჯარო პირებს, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ან უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში ოფიციალურ თანამდებობაზე (30 პროცენტი) ან საერთოდ არ უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში (41 პროცენტი). გამოკითხულთა მხოლოდ 6 პროცენტს სურს, რომ იგი პოლიტიკური გადაწყვეტილებიების მიმღები პირი იყოს და ამასთან არ ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა.
კვლევის კითხვარი პარტიებთან, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები.
გამოკითხვა ამა წლის 27 მარტიდან–19 აპრილამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,3%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida)
და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).
მასალის გამოყენების პირობები






