გერმანულ გაზეთი "Die Welt" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, თამარ ბერუჩაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. გერმანულ გამოცემასთან მინისტრი საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და ევროინტეგრაციულ პროცესზე საუბრობს.
თამარ ბერუჩაშვილმა "Die Welt"-ის ჟურნალისტის შეკითხვებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ დეესკალაციის კურსზე უპასუხა.
“2008 წელს რუსეთმა დაუსჯელად შეძლო საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება. ევროკავშირი დაგვეხმარა სამშვიდო მოლაპარაკებებში, მაგრამ რუსეთის ქმედებას სანქციები არ მოყოლია. რამოდენიმე თვის შემდეგ ევროპა კვლავ ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდა რუსეთთან ურთერთობებს. რუსეთმა საქართველოში მოსინჯა, თუ რამდენად შორს შეიძლებოდა წასვლა და როცა ის არავინ შეაჩერა, განაგრძო მსვლელობა", -აცხადებს მინისტრი.
როგორც ინტერვიუში მინისტრი აღნიშნავს, საქართველოს ტერიტორიების დაპყრობაზე ევროპას მკაცრი რეაგირება რომ მოეხდინა, შესაძლოა უკრაინაში მოვლენები სხვაგვარად განვითარებულიყო.
პუბლიკაციაში მინისტრი ხაზს უსვამს რომ, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით საქართველოს მოდერნიზაცია და ევროპეიზაცია პროცესია, რომელსაც საქართველო წარმატებით დაასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები






