საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი აშშ-საქართველოს ერთობლივი სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა. ხიდაშელმა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აშშ-ს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
„დღეს საქართველოსთვის, მისი შეიარაღებული ძალებისთვის, ყოველი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი დღეა.
განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის, ვინაიდან მერგო პატივი, ვუმასპინძლო ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს - „ღირსეულ პარტნიორს“ და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა წარმომადგენელს, ვინც მონაწილეობა მიიღო „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების დაგეგმვასა და წარმატებაში.
მე ამაყი ვარ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები უკვე მრავალი წელია ამერიკელ სამხედროებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. მადლობელი ვართ ჩვენი ღირსეული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც უკვე მრავალი წელია განუხრელად უჭერს მხარს დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს ჰყავდეს განვითარებული, თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამისი სამხედრო ძალები, რომელსაც შეუძლია საკუთარი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში.
ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობაზე ორმხრივი პროგრამების სიმრავლე და სტატისტიკაც მეტყველებს. იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ 12 000-ზე მეტ ქართველ ჯარისკაცს აქვს გავლილი ინტენსიური მომზადება ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით და დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები თავსებადია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ძალებთან.
სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცების პროცესში. ერთობლივი სწავლება დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში და იმავდროულად, საშუალებას მისცემს უკეთ მოემზადოს საჭიროების შემთხვევაში, ნატოს სწრაფი რეაგირების მისიებში მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით საქართველოს დღეს, ისე როგორც არასოდეს ესაჭიროება მტკიცე მხარდაჭერა პარტნიორებისგან, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
დღევანდელი სწავლება და ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ მდგომი 300-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო, საუკეთესო დემონსტრირებაა თქვენი თანადგომის, პარტნიორობის და გულშემატკივრობის ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიმართ. მინდა წარმატებები გისურვოთ სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს. ჩვენ, ყველანი ერთად, მინისტრიც და ჯარისკაციც ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებისა და გაძლიერებისათვის, რათა კიდევ უფრო მხნედ და ერთგულად ვემსახუროთ საქართველოს.“- განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მასალის გამოყენების პირობები






