,,რა იმპულსებიც მოდის ხელისუფლებიდან, ის აისახება ხოლმე იმ გარკვეული პროცენტის განწყობაზე, რომელიც მდუმარედ ხელისუფლების მორჩილია“ - ასე აფასებს NDI-ის კვლევას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე. ბაჩუკი ქარდავა ,,ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ამის ანარეკლია ევრაზიული კავშირის მომხრეთა 31%.
,,მე დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანს რომ ჰკითხოთ, რა არის ევრაზიული კავშირი, ვერ გეტყვიან, მაგრამ თუ კითხავთ, დღევანდელი ხელისუფლება რომელ კურსს უჭერს მხარსო, ალბათ 100-დან 30% გიპასუხებთ - ევრაზიულ კავშირს“ - აცხადებს ედპ-ს ლიდერი და ტერიტორიული მთლიანობის უკანა პლანზე გადაწევის მიზეზზე საუბრობს.
,,ის, რომ ტერიტორიულმა მთლიანობამ პირველად გადაინაცვლა უკანა პლანზე, პირველი განწყობა, რაც შეიძლება რომ მოგივიდეს თავში, ნამდვილად ვერ ჩავთვლი იმად, რომ საზოგადოებრივი აზრი ხომ არ დაიღალა... არა, რა თქმა უნდა - აქაც იგივე სურათია - 31%, რომელიც ევრაზიული კავშირის მიმართ დადებით განწყობას აფიქსირებს, სწორედ ის პროცენტი აისახა ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაშიც. მე არ მაქვს ამბიცია იმისა, რომ პროფესიონალი სოციოლოგის დონეზე გავაკეთო ანალიზი, მაგრამ ამ ანალიზის გაკეთება შეიძლება მარტივი პოლიტიკური პროგნოზებით - რა ხელისუფლებაც გვყავს, ის აისახება იმ პროცენტში, რომელიც ხელისუფლებას უჭერს მხარს“ - აცხადებს ქარდავა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა ქვეყნის მთავარი ეროვნული საკითხის უკანა პლანზე გადაწევაში, მოსახლეობის მძიმე სოციალუ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ედპ-ს ლიდერი არ ეთანხმება ამ პოზიციას და ამბობს, რომ ასეთი სურათი პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების გაუკვეველ საგარეო კურსთან.
,,არავითარ შემთხვევაში... ბევრად უფრო მძიმე სოციალური ფონი ყოფილა ქვეყანაში და არ მოუხდენია... უფრო მეტიც, მე დარწმუნებული ვარ, შეიძლება პირიქით ყოფილიყო. ამ შემთხვევაში სოციალური ფონი უნდა წამოწეულიყო წინ, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. ეს არის პირდაპირ კავშირში ერთ თემასთან, რომელსაც არ დავიღლები და ვიმეორებ - ეს არის ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან, გაურკვეველი საგარეო კურსი. გარკვეული სიმპათიები ესმის საზოგადოებას იმ ყუთიდან, რომელიც ყველა ოჯახში დგას - ხელისუფლების დონეზე ხდება პროპაგანდა ევრზიული კავშირის მიმართ არა როგორც ტრაგედიის, არამედ როგორც ერთ-ერთი არჩევანისა. მე შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ერების და მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - ასეთი მცნება არ არსებობდა, საბჭოთა კავშირი იყო ჩვენი ,,სამშობლოს“ ტერიტორია. ანალოგიური მომენტია - თუ საქართველოს ტერიტორიულმა მთლიანობამ უკანა პლანზე გადაიწია და გაიზარდა ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა, ეს ლოგიკური თემაა, რადგან ევრაზიული კავშირი არის უკიდეგანო სივრცე დიდი რუსეთისა, ამდენად ეს არანაირ კავშირში საქართველოსთან არ არის და ამიტომაც არის ტერიტორიული მთლიანობა უკანა პლანზე, იმ ფონზე, როცა ევრაზიული კავშირი აწეულია“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






