
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC– საქართველო რეგულარულად იკვლევენ მოსახლეობის აზრს და საზოგადოებას ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად მნიშვნელოვან მონაცემებს სთავაზობენ. ამ საქმიანობის მიზანია, დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები.
დღეს წარმოდგენილი უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობა სამუშაო ადგილებს, ინფლაციას/მზარდ ფასებს და სიღარიბეს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად მიიჩნევს. კვლევის ფარგლებში, ყველაზე პრობლემატურ საკითხებად მოქალაქეთა 67%–მა სამუშაო ადგილები, 43%– მა ინფლაცია და მზარდი ფასები, ხოლო 37%-მა სიღარიბე დაასახელა. მოსახლეობის მხოლოდ 3% აცხადებს, რომ ამ სამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოსახლეობის მხოლოდ 11% ამბობს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მათი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რაც მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებაზე მიანიშნებს; 34% მიიჩნევს, რომ მათი მდგომარეობა გაუარესდა, მაშინ როდესაც 2014 წლის აგვისტოს კვლევაში იგივე მაჩვენებელი 17%–ს წარმოადგენდა.
"მოსახლეობას ყველაზე მეტად ისეთი საყოფაცხოვრებო საკითხები აწუხებს, როგორიცაა სამუშაო ადგილები, ფასები და საკუთარი თავისა და ოჯახების ეკონომიკური უზრუნველყოფა,“ – განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს დირექტორმა – „ზოგადად შეინიშნება მზარდი პესიმიზმი საქართველოს განვითარების მიმართულებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ სფეროში. ეს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის პოლიტიკოსებისთვის, რათა მათ იდენტიფიცირებული პრობლემების გადასაჭრელად უფრო ეფექტური მიდგომები შეიმუშავონ.“
კვლევის თანახმად, მოსახლეობის მეოთხედი (23%) მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ როდესაც 2014 წლის აგვისტოს კვლევის იგივე მაჩვენებელი 40%–ს შეადგენდა. პირველად დაფიქსირდა, რომ იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი მთავრობა არ იღებს მათთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს (49%), აღემატება იმ მოქალაქეების რაოდენობას, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელისუფლება ატარებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს (44%). პარლამენტარებსა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაცია კვლავ სუსტია და მოსახლეობას დაბალი მოლოდინები აქვს არჩეული თანამდებობის პირების მიმართ.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის ხედვა სრულიად პესიმისტური არ არის. მოსახლეობის უმრავლესობა კმაყოფილია მათ მიერ გამოყენებული საჯარო სერვისებით. სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით მოსარგებლე მოსახლეობის უმეტესობა (90%) ამბობს, რომ ძალიან კმაყოფილი ან კმაყოფილია მიღებული მომსახურებით.
მოსახლეობა განაგრძობს დემოკრატიის, ძლიერი ოპოზიციის და უმცირესობათა უფლებების მხარდაჭერას; ასევე ემხრობა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად პროაქტიული მექანიზმების შემოღებას
- მოსახლეობის 68% მხარს უჭერს სავალდებულო გენდერული კვოტების დანერგვას პარლამენტში.
მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციას და საფრთხედ აღიქვამს რუსეთს.
კვლევის კითხვარი პარტიებთან, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები.
გამოკითხვა ამა წლის 27 მარტიდან–19 აპრილამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,3%.
მასალის გამოყენების პირობები






