რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისი პოლიტიკის მსხვერპლი ქვეყნების ხალხებს - საქართველოს და უკრაინას გამარჯვების დღე „მიულოცა“. მილოცვის ტექსტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერზე გამოაქვეყნა.
საქართველოს შემთხვევაში პუტინი ქართველ ვეტერანებს სამამულო ომში მხარდამხარ ბრძოლას ახსენებს და მოუწოდებს არ დაუშვან მცდელობა, რომ ამ ისტორიის შეცვლა და გადაწერა მოხდეს. ამასთანავე პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ მძიმე წლებგამოვლილი მეგობრობა საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური და მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველი იქნება.
ისტორიის გადაწერის მცდელობას პუტინი უკრაინელი ხალხისადმი მიწერილ წერილშიც ახსენებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური ინტერესების გამო უკრაინის ხელისუფლება ნაციზმის რეაბილიტაციას ახდენს. რუსეთის პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომის უკრაინელ ვეტერანებსაც მოუწოდებს, რომ ამას წინ აღუდგნენ.
საბოლოოდ ორივე წერილი ხალხისადმი „კეთილი“ სურვილებით სრულდება , პუტინი ქართველ და უკრაინელ ხალხს მშვიდობას , სიკეთეს და კეთილდღეობას უსურვებს.
შეგახსენებთ 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების, 2014 წელს კი უკრაინის ტერიტორიის- ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია მოახდინა. 2014-15 წლებში პრორუსმა მებრძოლებმა დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ნაწილი დაიკავეს. საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში ამჟამადაც მიმდინარეობს.
ნინო ზედგენიძე


მასალის გამოყენების პირობები






