საქართველოს ეროვნული ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ სსფ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა ეროვნული ბანკის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა. სადიკოვის თქმით ეროვნულ ბანკზე ზეწოლა შემაშფოთებელია:
"ძალიან გვაშფოთებს ის მდგომარეობა, რაც ხდება საქართველოში. იმიტომ, რომ ძალიან დიდია ზეწოლა საქართველოს ეროვნულ ბანკზე. ეს მიუღებელია, რადგან ეს არ შედის ქვეყნის ინტერესებში. ლარის გაცვლითი კურსი უნდა იყოს მცოცავი და მხარდაჭერილი. აქედან გამომდინარე ზეწოლა ეროვნულ ბანკზე არ უნდა გრძელდებოდეს."
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ შესაძლოა ლარის დევალვაციის მიზეზების შესწავლა დაიწყოს და ამ თემაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
25 ნოემბრიდან მოყოლებული, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია ექვსჯერ განახორციელა და, ჯამში, 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. რეფინანსირების განაკვეთი 5%-მდე გაზარდა, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ უფასურდება.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






