„იცით, ეს წრიპა ვინაა?
ციცქნა მელაკუდაა. ორიოდე კვირის წინ მოგვიყვანეს კეთილმა ადამიანებმა. თბილისის ზღვაზე ეპოვნათ. ძაღლები ეხვეოდნენ თურმე, ეს კიდევ იჯდა მოკუნტული, ჯერ კიდევ თვალებაუხელელი...
პატარა ობოლი ჩვენმა ძიძამ, გულიკომ იშვილა და ტროა დაარქვა. ძალიან დასუსტებული იყო და წინასწარ ვერავინ ამბობდა, გადარჩებოდა თუ არა. ამ ასაკში უდედოდ დარჩენილი ახალშობილისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო სწორი, საათობრივი კვება. შემდეგ ჭიის წამალი - საწყალს პატარა მუცელი სულ ჭიებით ჰქონდა გამოტენილი, თვალებზეც პრობლემა ჰქონდა, შეწებებული ქუთუთოების გახელა უჭირდა. წამლები, მკურნალობა, კვება, მოვლა... ხოდა ნელ-ნელა მოცოცხლდა და მოღონიერდა ცუგრუმელა. თვალები გაახილა, გაქუცული ადგილები ბეწვით შეევსო და უკვე თამაშის ხასიათზეც მოვიდა. ადრე თუ ერთ ადგილას იწვა მოწყენილი, ახლა უცბად ცლის საწოვარას და მერე დაპროწიალობს აქეთ-იქით, დაყანყალებს წვრილ ფეხებზე და სათამაშოების მონადირებასაც ცდილობს. ჯერ კიდევ პატარა და უსუსურია, მაგრამ არაფერია. მალე გაიზრდება. კუდიც გაუბუთქუნდება, ცხვირიც წაუგრძელდება და თვალებიც დაეპრაწება, მელაკუდურად.“
მასალის გამოყენების პირობები






