ჰერმანის თქმით, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ ამ მცირე პერიოდში მიაღწია. ელჩის განცხადებით ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ დაიცვა ის სამიზნე ამოცანები, რომელიც განსაზღვრული იყო სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპისთვის.
"საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ძირითადი სამიზნე ამოცანების განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა. მომავალი შეფასების ჩატარებამდე, რომელიც წლის ბოლოსკენ იქნება. საქართველომ დარჩენილი რეკომენდაციების განხორციელების საკითხი უნდა მოაგვაროს.
მოგეხსენებათ, ევროკომისიის მიერ სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის შეფასება ტექნიკური პროცესია და აქედან გამომდინარე,ყურადღებას რამდენიმე ძირითად საკითხზე გავამახვილებ. ევროკომისიის შეფასებით, სამიზნე ამოცანები სრულად ექვსი მიმართულებით შესრულდა. ესენია: დოკუმენტების უსაფრთხოება, ინტეგრირებული საზღვრის მართვა, ორგანიზებული დანაშაულის პრევენცია და მასთან ბრძოლა, იურიდიული თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებზე, მონაცემების დაცვა, გადაადგილების თავისუფლება და ასევე პირობები და პროცედურები, რომლებიც აუცილებელია სამგზავრო და იდენტიფიცირების დოკუმენტების უზრუნველსაყოფად. ეს არის ის რეკომენდაციები, რომლებიც სრულად შესრულდა. არის ასევე ის სამიზნე ამოცანები, რომლებიც თითქმის სრულად არის შესრულებული. ეს არის მინიმალური რაოდენობის და არის ოთხი მიმართულება. სადაც სამიზნე ამოცანები თითქმის შესრულებულია. ესენი არის მიგრაციის მენეჯმენტი, ფულის გათეთრება, თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებს შორის და მოქალაქეების უფლებები", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ელჩის თქმით, რჩება ამოცანები, რომლებიც ნაწილობრივ არის შესრულებული, თუმცა ჰერმანის შეფასებით მათ დასასრულებლად ძალიან კარგი პერსპექტივებია.
ელჩის განცხადებით, ეს რეკომენდაციები არის თავშესაფრის მაძიებლების საკითხი, ანტიკორუფციული ღონისძიებები, ნარკობიზნესთან ბრძოლა და ადამიანების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






