პრემიერ-მინისტრისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციას შორის შეხვედრა შეკამათებით დასრულდა.
ირაკლი ღარიბაშვილსა და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის სიტყვიერი შელაპარაკება ე.წ. კაბელების საქმეს მოჰყვა. პრემიერმა აღნიშნულ თემაზე საუბარი შეკითხვის დასმის გარეშე დაიწყო.
"მინდა გითხრათ ის, რაც არასდროს მითქვამს საჯაროდ და ქრონოლოგიურად მოგიყვეთ რაც მოხდა, რათა "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ შერჩევით სამართალზე ეჭვები გამოირიცხოს. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ივნისის თვეში, ამის შესახებ ალასანიასთვის კი ცოტა მოგვიანებით გახდა ცნობილი. გიდასტურებთ, რომ ალასანია მოვიდა ჩემთან და მთხოვა პროკურატურის წარმომადგენლებთან მომხდარიყო შეხვედრის ორგანიზება, რაზეც მე ვუთხარი, რომ არ იქნებოდა სწორი რაიმე ფორმით ჩავრეულიყავი ამ საქმეში. ვუთხარი ისიც, რომ სანერვიულო არაფერი იყო და თუ პროკურატურა ნახავდა, რომ არავითარი დანაშაული არ მომხდარა, არაფერი მოხდებდა - გამოძიების პროცესში ჩარევას არასდროს ვიკადრებ და ეს მას ნათლად განვუმარტე. შემდეგ ხდება ის, რომ სექტემბერში ისევ მოდის ალასანია და მეუბნება, რომ გადაწყვეტილი აქვს პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება. აქედან გამომდინარე, სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ სწორედ მისი პოლიტიკური მიზნების წინააღმდეგ მოხდა აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყება, არის სრული სიცრუე. თქვენ შესაძლოა არ გაქვთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დროში, როგორც მინიმუმ 3-4 თვით არის აცდენილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილს გამოსვლა "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნინო გოგუაძემ შეაწყვეტინა და განაცხადა რომ პრემიერი ისეთ თემაზე საუბრობდა, რის შესახებაც ფრაქციის მხრიდან შეკითხვა არ დასმულა.
"ჩვენ ვიცით და რატომ გვიყვებით ახლა ამას?! როცა ჭორაობაზე ვლაპარაკობთ, ხომ არ გადავდივართ ჭორაობის რეჟიმში თქვენი მხრიდან?! იმიტომ, რომ თქვენ რაღაცას გვიყვებით და ჩვენ ვერაფერს გპასუხობთ. ჩვენ არ დაგვისვამს ეს კითხვა. თქვენს გუნდს, უმრავლესობას მოუყევით ეს ყველაფერი ჩვენს შემდეგ. ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუციებს და სწორედ იმიტომ, რომ საქმე სასამართლოშია, სპეციალურად არც ერთი კითხვა არ დავსვით ე.წ. კაბელებზე. ძალიან გთხოვთ, პატივი ვცეთ სასამართლოს. არ გვინდა ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკი", - მიმართა გოგუაძემ პრემიერს. გოგუაძის პოზიცია გაიზიარეს ფრაქციის სხვა წევრებმაც.
ირაკლი ღარიბაშვილმა „თავისუფალ დემოკრატებს“ დამშვიდებისკენ მოუწოდა და აღნიშნულ თემაზე საუბარი, მოსახლეობისთვის განმარტების გაკეთების მიზნით ახსნა.
"ნუ აღელდებით. მე აქ მოვისმინე კრიტიკა, რომ პროკურატურის საქმიანობა იყო მიმართული ალასნაიას და თქვენს წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ განმემარტა მოსახლეობისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის შალვა შავგულიძის თქმით, პრემიერის და დეპუტატების შეხვედრის დროს თემის ამ სახით წამოწევა საჭირო არ იყო და ფაქტი რომ გამოძიება ივლისში დაიწყო, კაბელების საქმეში არსებულ მოტივებს არ გამორიცხავს
“ეს უბრალოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა და რაც მე ვფიქრობ ძალიან უადგილოდ გამოიყენეთ, შეეცადეთ ყოველშემთხვევაში"-აღნიშნა შავგულიძემ.
აღნიშნულ თემას გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ერთი წევრი ირაკლი ჩიქოვანიც მისი თქმით პრემიერის საუბრიდან გამომდინარე , საზოგადოება დასკვნებს თავად გააკეთებს " ამ საქმეზე ჩვენ საუბარს არ ვაპირებდით, არც გვინდოდა საუბარი და ზუსტად ისეთ საქართველოში გვინდა ცხოვრება , სადაც პროკურატურაში არ ერევა ხელისუფლება და არა ისეთში, რომელიც თქვენ წარმოგვიდგინეთ. საზოგადოებას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. იმედია, მათ თავიანთი დასკვნები გააკეთეს იმ პასუხებიდან გამომდინარე, რომლებიც მიიღეს"- განაცხადა ჩიქოვანმა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






