წარმოდგენის დასრულების შემდეგ მაყურებელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მიმართა.
,,დიდი მადლობა, რომ დღეს ერთად ვართ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს, იმას, რომ ჩვენ ევროპაში დაბრუნება კი არ გვსურს მხოლოდ, ჩვენ პრაქტიკულად, იქ ვართ. თუმცა, იმისთვის, რომ ეს სიკეთე გახდეს საყოველთაო სიკეთე, თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი სიკეთე, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ ამისთვის უნდა დავძლიოთ ზოგიერთი სტერეოტიპი, რომელიც საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში ინერგებოდა და რამაც შეუწყო ხელი გარკვეულ გაუცხოებას მსოფლიო კულტურასთან, დემოკრატიულ საზოგადოებასთან. ნამდვილად მჯერა, რომ ამ სტერეოტიპებთან გამკლავება ამ დარბაზიდან გაცილებით უკეთ არის შესაძლებელი, ვიდრე პარლამენტის დარბაზიდან, იმიტომ, რომ სწორედ ხელოვნების ძალით, სწორედ ხელოვნების მუხტით და შემოქმედის მიერ დანახული გამოსავლით ხდება ამ ღირებულებების წარმოჩენა, განმარტება, რომელიც სინამდვილეში არ არის უცხო ჩვენთვის და სწორედ ამაზე იყო დღევანდელი წარმოდგენა. სწორედ შემოქმედმა ხალხმა, ასეთმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც თავადაც სჯერათ იმის, რის გამოხატვასაც ცდილობენ, უნდა შეძლონ ის, რომ ქართველმა ერმა ვირწმუნოთ - ევროპა არ არის ის ადგილი, სადაც ბოროტმა ადამიანებმა განიცადეს მარცხი და კეთილმა ადამიანებმა გაიმარჯვეს. ევროპა არის ადგილი, სადაც სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენც უნდა დავასრულოთ ქვეყნის, საზოგადოების დაყოფა კარგებად და ცუდებად, უნდა გავერთიანდეთ და ერთად უნდა ავაშენოთ კარგი ქვეყანა და ერთად უნდა შევებრძოლოთ იმ ცუდს და ბოროტებას, რომელიც, სამწუხაროდ, ყველა საზოგადოებაშია და ჩვენთანაცაა. ამისთვის ჩვენ გვაქვს ყველაფერი. მე იმაზე უკეთ ვერ გამოვხატავ ყველაფერს, რაც იყო აქ გამოხატული - ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი თანამედროვეობა, ჩვენი თანამოქალაქეების ნააზრევი, რომელიც საუკეთესო ფუნდამენტია უხსოვარი საუკუნეებიდან დღემდე. და ჩვენ გვყავს ნამდვილი მეგობრები, ქალბატონი ან ბრასორი ერთ-ერთი წარმომადგენელი ასეთი მეგობართა ჯგუფისა. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ბრძანდებით, დიდი მადლობა ყველას ვინც აქ მობრძანდა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს - თქვენთან ერთად ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ და აუცილებლად შევძლებთ იმ საქმის გაკეთებას, რასაც ევროპას შევპირდით - საქართველო იქნება დემოკრატიული, საქართველო იქნება მშვიდობიანი, საქართველო იქნება სტაბილური და საქართველოთი ევროპაც იამაყებს“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საპატიო სტუმრის რანგში ღონისძიებაში მონაწილეობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ან ბრასერი იღებდა.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






