იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, წინა ხელისუფლებამ თბილისის იუსტიციის სახლში 15 ტონა ნაგავი დატოვა.
ამის შესახებ წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერმა უმცირესობას მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა.
„თქვენ გამოსვლაში ბევრი ტყუილი თქვით. დიახ მე არ გამიგრძელებია იუსტიციის სახლის პროექტი, რომელსაც თქვენ იშენებდით ჭიათურაში, ლაგოდეხში თქვენი უფროსი იშენებდა. თქვენ და თქვენი უფროსი, იშენებდნენ იქ, საიდანაც თვითონ იყვნენ. ჩვენ ვაშენებთ იქ, სადაც ქვეყნის საზღვარს შემომტკიცება სჭირდება. 15 ტონა ნაგავი დატოვეთ თბილისის იუსტიციის სახლის სახურავში“, - განაცხადა წულუკიანმა, რაზეც ვაშაძემ განაცხადა -„ჩვენ უფრო მეტი ნაგავი დაგიტოვეთ, ვიდრე თქვენ ააშენეთ“.
„ჩვენ ნაგავი გავიტანეთ 1 ოქტომბერს და ეს ნაგავი არ დაბრუნდება არასოდეს. რაც შეეხება ლაგოდეხს, ლაგოდეხში ამოთხარეთ ორმო, ვერ დაატერორეთ ბიზნესმენი, რადგან ვერ მოასწარით. ტენდერი ჩაშვებულია და ლაგოდეხი გაიხსნება კანონის დაცვით. მე სხვა პრიორიტეტები მაქვს. ბოდიში რომ ჩვენი პრიორიტეტი თქვენი სახლის წინ იუსტიციის სახლის აშენება არ იყო“, - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






