ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჰოლანდიელი ექსპერტების მიერ მუშავდება კონკრეტული ღონისძიებები, რომ მოხდეს ქართული პროდუქტის ევროპის ბაზარზე ექსპორტი.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„მწვანილის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება დსთ-ს ქვეყნებში. მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ მის ექსპორტს ევროპაში. ამიტომ ჰოლანდიელი ექსპერტების დახმარებით მუშავდება დარგის განვითარების კონკრეტული ღონისძიებები, ასევე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასათბურე მეურნეობის შექმნის ბიზნესგეგმა, რომელიც ასევე მრავალმილიონიანი პროექტია. ეს პროექტი დადებით ზეგავლენას მოახდენს იმ რეგიონზე, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ვინაიდან ამ რეგიონის პოტენციალი ამ მიმართულებით ცნობილია. ეს პროექტები სახელმწიფო რესურსებით განხორციელებული არ იქნება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში იგეგმება წყალტუბოს სპა კურორტის რეაბილიტაცია და განვითარება.
„ამ ეტაპზე საპარტნიორო ფონდთან ერთად, ფრანგული კომპანია "ვიშის" მეშვეობით ამ კურორტის, ფაქტობრივად, სერტიფიცირება ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კურორტია, თუმცა დღემდე საერთაშორისო დოკუმენტალურად დადასტურებული კვლევები ამ მიმართულებით არ განხორციელებულა. ამ კურორტზე იგეგმება რამდენიმე ათეული მილიონობით ინვესტიცია და ჩვენ უკვე კონკრეტულ ინვესტორებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






