„ამ წუთებში ირაკლი კორძაია თბილისის პროკურატურაში პრაქტიკულად გამოკეტილი ყავთ. როგორც ირკვევა, ბატონმა ჯანყარაშვილმა მის წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაშიც შეიტანა. კორძაია არ იყო წინასწარ ინფორმირებული, რომ ამ საკითხზე დაიბარეს დასაკითხად. შესაბამისად, არ წაუყვანია თან ადვოკატი. პროკურატურა დაჟინებით მოითხოვს, სასწრაფოდ მივიდეს ადვოკატი, რაც შეუძლებელია ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. დაკითხვის გადადებაზე პროკურატურა უარს ამბობს და კორძაიას ეუბნება, რომ აქვს უფლება ადვოკატის გარეშეც დაკითხოს. ადვოკატის გარეშე კი ირაკლი კორძაია ჩვენებას არ იძლევა. ხოდა ზის პროკურატურაში და არ უშვებენ არსად. კოლეგებო, იქნებ დაინტერესდეთ.“- წერს ნინო ჯანგირაშვილი.
შეგახსენებთ ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ სარჩელი ზვიად ჯანყარაშვილმა შეიტანა, ჯანყარაშვილის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ზვიად ჯანყარაშვილი კორძაიასგან კომპენსაციის სახით 5 ათას ლარს და ბრალდების უარყოფას ითხოვს.
ირაკლი კორძაია ხარძიანის მკვლელობაში გია უდესიანს ადანაშაულებს. მისი თქმით, უდესიანის შესახებ არსებობს არაერთი ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც იკვეთება, რომ ის მრავალპროფილიანი სისხლის სამართლის დამნაშავეა, თუმცა, კორძაიას თქმით, არ არსებობს გამოძიება, რადგან უდესიანს ლაშა ნაცვლიშვილი და ზვიად ჯანყარაშვილი მფარველობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






