თბილისში EBRD-ის ყოველწლიური ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებზე სახელმწიფომ 17 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ბატონ ნოდარ ხადურს, გელა ხანიშვილს და სხვებს. მათ მართლაც დიდი სამუშაოები გაწიეს. ვნახეთ, რომ ყველაფერი მაღალ დონეზეა შესრულებული. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფომ ამისთვის 17 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. 14 მილიონი ლარის ქონება სახელმწიფოს დარჩება, დანარჩენი ხარჯები კი ღონისძიების მოსამზადებლად იყო საჭირო. EBRD-ის ღონისძიება მართლაც ნდობის დემონსტრირებაა ქვეყნისა და მთავრობისადმი, რომელსაც ძალიან ვაფასებთ. EBRD-ის ბიზნესფორუმი კავკასიაში პირველია, რომელიც თბილისში 14-15 მაისს გაიმართება. საამაყოა, რომ ღონისძიების საქართველოში ჩატარება დემოკრატიული მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა განაპირობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე EBRD-ის ღონისძიებების საორგანიზაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
მასალის გამოყენების პირობები






