თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თემურ ხომერიკი არ ადასტურებს „კომერსანტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ ხომერიკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მედიასაშუალება ეკუთვნის სადაზღვევო კომპანია „არდის“ ხელმძღვანელს არმაზ თავაძეს. როგორც ხომერიკი განმარტავს, ამ კომპანიას თბილისის განვითარების ფონდის მიმართ 9,5 მილიონი დავალიანება აქვს.
„სამწუხაროდ, ის ჩემი მეგობარია. როდესაც ვიყავი სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარე, ბატონი არმაზი ხელმძღვანელობდა ანტიმონოპოლიურ სამსახურს, მაგრამ ჩემგან განსხვავებით მან შეძლო დაეარსებინა საკუთარი საინფორმაციო საშუალება. მე ამდენი ვერ მოვაგროვე ჩემი ხელფასით. ჩვენ „არდის“ მიმართ სერიოზული პრეტენზიები გაქვს, რადგან მეექვსე თვეა, ვერ მივიღეთ ის თანხები, რომელზეც მან გასცა გარანტია. თბილისის განვითარების ფონდმა მიმართა ზედამხედველობის სამსახურს, რომ კომპანია „არდის“ გაუუქმოს ლიცენზია და მისი ქონება ოფიციალურად გაიყიდოს“, - განაცხადა ხომერიკმა.
მასალის გამოყენების პირობები






