როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი „კვლევამ დაადგინა, რომ გუბერნატორების შემთხვევაშიც იკვეთება კავშირები ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებსა და ფონდებთან. რვა მოქმედი გუბერნატორიდან ორი „ქართუ“ ბანკის, ერთი კი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ყოფილი თანამშრომელია. ასევე, საინტერესოა, რომ ორი გუბერნატორი წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობდა. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები უკანონოდ დაინიშნენ თანამდებობებზე ან ეს მათი ერთადერთი სამსახური იყო. თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრემიერმინისტრთან დაკავშირებულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებამ მათი თანამდებობაზე დანიშვნისას გარკვეული როლი ითამაშა.“
ასევე კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ორი გუბერნატორის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ქონებრივი დეკლარაციის არასრულყოფილ შევსებას და ერთის შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო ჩართულობას:
ქვემო ქართლის და იმერეთის გუბერნატორებმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად შეავსეს, დამალეს რა საკუთარი და/ან ოჯახის წევრის ბიზნესწილები, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის დარღვევას წარმოადგენს;
იმერეთის გუბერნატორი ამ დრომდე ინარჩუნებს დირექტორის თანამდებობას მისსავე წილობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოში, რაც წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაღვევას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ გუბერნატორებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციასაც აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა შინაგან საქმეთა, თავდაცვის და ფინანსთა სამინისტროებში, გუბერნატორის პოზიციაზე დანიშვნამდე კი – „ქართუ“ ბანკში. 2006-2007 წლებში ხიზანიშვილი „ქართუ“ ბანკის ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და სამსახურის უფროსი იყო, 2007-2014 წლებში კი – საკრედიტო დეპარტამენტის აქტივების მართვის განყოფილების უფროსი. 2010 წლიდან დღემდე ხიზანიშვილი არის საქართველოს ფუდოკან-შოტოკან კარატე დოს ფედერაციის დამფუძნებელი და ვიცეპრეზიდენტი.
იმერეთის გუბერნატორი, „ქართული ხმების“ სოლისტი გივი ჭიჭინაძე ამ დრომდე შპს „გროსს ტურ ჯორჯიას“ (ს/კ 400104203) 10%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია, რითიც ირღვევა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონი ასევე არის რაგბის კლუბი „ყოჩების“ და ააიპ „ქართული ხმების“ გამგეობის წევრი, რაც ასევე არ არის მითითებული დეკლარაციაში.
შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი 2002-2004 წლებში იყო „ქართუ“ ბანკის რუსთავის ფილიალის, დირექტორის მოადგილე, 2004-2008 წლებში ამავე ბანკის კლიენტთა მომსახურების ცენტრის უფროსი, 2008-2013 წლებში გორის სერვისცენტრის მენეჯერი, გუბერნატორად დანიშვნამდე კი „ქართუს“ ბანკის ცენტრალური სერვისცენტრის მენეჯერის პოზიციას იკავებდა.
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი პროფესიით იურისტია გუბერნატორად დანიშვნამდე კი ეკავა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი 1982 წელს დაამთავრა თეატრალული ინსტიტუტი, 1991-1995 წლებში კი სწავლობდა ფსიქოანალიზის შემსწავლელ ცენტრ „მენცარში“. ის არის რამდენიმე დოკუმენტური ფილმის რეჟისორი. 1995-1997 წლებში მუშაობდა საქველმოქმედო ფონდ „ქართუში“, 1997-2002 წლებში იყო ტელკომპანია „მეცხრე არხის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, 2003-2004 წლებში – ტელეკომპანია „მზის“ პროგრამების მენეჯერი, 2007-2009 წლებში – თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, 2011-2013 წლებში – ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი. გუბერნატორად დანიშვნამდე ყიფიანი კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა ტყიბულში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია პროფესიით იურისტია იგი 1981 წლიდან 2004 წლამდე უწყვეტად მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, 1995-2004 წლებში იყო გ. გულუას სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების სამმართველოს უფროსი; გუბერნატორის პოსტის დაკავებამდე კი 2012-2013 წლებში მუშაობდა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად.
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორი პარმენ მარგველაძე გუბერნატორად დანიშვნამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში. 1998-2001 წლებში მუშაობდა კონტროლის პალატაში, 2002-2003 წლებში იყო ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი, 2003-2004 წლებში იყო ამბროლაურის საოლქო საგადასახადო ინპექციის უფროსი, 2004-2011 წლებში მუშაობდა საგადასახადო ინსპექციის ქუთაისის რეგიონული ცენტრში განყოფილების უფროსის პოზიციაზე (საგადასახადო ინსპექცია). 2011 წლიდან გუბერნატორად დანიშვნამდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებს სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე.
სამცხე ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძეს 1996-2007 წლებში ეკავა საქართველოს უშიშროების სამინისტროს სხვადასხვა ოპერატიული დანაყოფის უფროსი ოპერატიული თანამშრომელის თანამდებობა. 2004 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის ფინანსურ პოლიციაში. 2007-2009 წლებში იყო „სახალხო ბანკის“ უსაფრთხოებისა და კონტროლის დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფის უფროსი. გუბერნატორის პოსტზე დანიშვნამდე კი ხელმძღვანელობდა შსს-ს სახელწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოს.
მასალის გამოყენების პირობები






