ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, „ახალი მემარჯვენეები“ შექმნილ ვითარებაში, აუცილებლად მიიჩნევენ პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტებმა საგანგებო ზომები მიიღონ.
„ჩვენ ამ დღეებში დეტალურად ჩავიხედეთ საქმის არსში და თანადგომას ვუცხადებთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, მის თანამშრომლებს და პირადად ცენტრის უკვე ყოფილ დირექტორს ბატონ ბუბა კუდავას.
რომ არა საქმისადმი თავდადებამდე მისული სიყვარული და ერთგულება, წარმოუდგენელია იმ მწირი დაფინანსების პირობებში, რაც ცენტრს აქვს, ესოდენ მნიშვნელოვანი საქმის ასეთი რუდუნებით კეთება. 875 ათასი ლარი უნდა ეყოს როგორც 110 თანამშრომლის ხელფასს, ისე ხელნაწერთა მოვლა-პატრონობას და რესტავრაციას, შენობის რეაბილიტაციას და იქ უძველესი ხელნაწერების შესანახად ვარგისი პირობების შექმნას. იმ ფონზე, როცა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა უზარმაზარ ხელფასებსა და პრემიებზე სკანდალი არ ცხრება, სამარცხვინოა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მხრიდან ცენტრის თანამშრომელთათვის დამატებით გრანტების სახით მოზიდული დაფინანსების დამადლება. ამ დაფინანსებითაც ხომ ისევ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენახვა- გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი საქმე კეთდება.
საოცარია და აღფრთოვანებას იწვეს ის ერთსულოვნება, რომელიც ცენტრის თანამშრომლებს აქვთ როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული სიწმინდეების, ისე დღეს ცენტრის გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართ. ძალიან დასაფასებელია, რომ აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ შრომობენ ჩვენი ღვაწლმოსილი მეცნიერები და ახალგაზრდები, რომელთა განწყობა ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის ბუბა კუდავას მიმართ,“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
„ახალი მემარჯვენეები“ აუცილებლად თვლიან შექმნილ ვითარებაში პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მხრიდან საგანგებო ზომების მიღებას.
„მივმართავთ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს, პირადად ბატონ ვანო კიღურაძეს, დროულად გაერკვეს შექმნილ ვითარებაში. ჩვენ, „ახალ მემარჯვენეებს“ წინა ხელისუფლების პირობებში ბატონ ვანო კიღურაძესთან ერთად ბევრი ბრძოლა გვაქვს გადატანილი საქართველოში მეცნიერების გადასარჩენად. დღეს მას ბევრად მეტი ბერკეტი გააჩნია საიმისოდ, რომ უსამართლობას, რომელიც დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ ხორციელდება, წინ აღუდგეს.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით უნდა შეწყდეს ყოველგვარი საუბარი ექსპონატების, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის ნიმუშების ნებისმიერი მოტივაციით სადმე გადატანაზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ადგილის შეცვლაზე. მანამ, სანამ არ მოინახება ან არ აშენდება სპეციალურად ამ დანიშნულებისთვის გამიზნული შენობა.
მასალის გამოყენების პირობები






