ფეხბურთის ფედერაცია ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით 8 პირის დაკავებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულად მხარს უჭერს და მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩაწყობილი - გარიგებული მატჩების ორგანიზატორთა და ამ პროცესში ჩართულ პირთა გამოსავლენად.
სამწუხაროდ წარსული გამოცდილება, სახელმწიფო სტურუქტურებისა და სფფ-ის შეუვალი პოზიცია ასეთი ფაქტების მიმართ არ იქცა საგულისხმო მაგალითად ზოგიერთი ფეხბურთელის, მწვრთნელისა თუ ფეხბურთში დაკავებული სხვა პირისათვის. მათ მიუხედავად ბოლო წლებში გადადგმული მკაცრი სადამსჯელო ნაბიჯებისა, დაჭერებისა თუ საფეხბურთო ოჯახიდან მოკვეთის არა ერთი მაგალითის მიუხედავად მაინც ვერ გაითავისეს ის რისკები და საშიშროება, რაც ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებასა თუ თანამონაწილეობას მოსდევს თან.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები თუ კლუბებში დასაქმებული სხვა პირები სრულფასოვნად გაიაზრებენ იმ ზიანის მასშტაბებს, რაც თითოეული ასეთი შემთხვევის გამოვლენისას ქართულ ფეხბურთს ადგება და ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვიან მსგავს გარიგებებში მონაწილეობაზე. მანამდე, კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას და მხარს დაუჭერს ასეთ ფაქტებში მონაწილე ყველა პირის გამოვლენასა და კანონის შესაბამისად დასჯის ფაქტებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს: საფეხბურთო კლუბ „სტუ თბილისის“ პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ “საჩხერის ჩიხურას“ ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, აზიური ტოტალიზატორის - „ibcbet“-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში ომარ ნ, საფეხბურთო კლუბ „ხარაგაულის ჩხერიმელას“ მოქმედი ფეხბურთელები – გიორგი გ. და თემურ ს, საფეხბურთო კლუბ „ქუთაისის ტორპედოს“ ყოფილი ფეხბურთელი გიგა ბ, ასევე ორი პირი – იოსებ გ. და გიორგი კ, რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






