„ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებენ. ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ რეალური ცვლილებები არ მომხდარა და შესაბამისად ნდობის გამოცხადებასაც არამართებულად მიიჩნევენ.
როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ, ცვლილებები არასწორად განხორციელდა, ვინაიდან უცვლელი დარჩა ეკონომიკური გუნდი.
„უმრავლესობაში არიან დეპტუატები, რომლებსაც კარგად ესმით, რომ მიცემული ხმა ხალხის მდგომარეობის გაუარესებისკენ არის მიმართული. თოჯინა მინისტრები და ივანიშვილი არ აღიარებენ, რომ არის პრობლემა და ეს პრობლემა არის მოსაგვარებელი“ - აცხადებს გიორგი კანდელაკი.
„თავისუფალი დემოკრატები“ კი მიიჩნევენ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა ცვლილებებს არ მოიტანს და ბოლო დროს განხორციელებული მოვლენები კულისებიდან მართვის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა.
„ე.წ. ახალი მთავრობის შემადგენლობა ცვლილებებს არ მოიტანს. ეს ყველაფერი უკავშირდება კულისებიდან მართვას და ერთპიროვნულ მმართველობას, ეს კი ყველაზე დიდი პრობლემაა. სანამ ეს პრობლემა არ მოიხსნება ქვეყანაში, არაფერი შეიცვლება" - აცხადებს თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძე.
შეგახსენებთ,რომ მთავრობის კაბინეტში 7 მინისტრის ცვლილების შედეგად, მინისტრთა ახალი კაბინეტისტის ხელახალი ნდობის გამოცხადების საჭიროება გაჩნდა. ირაკლი ღარიბაშვილმა 3 ახალი- სპორტისა და ახალგაზრდობის, თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრი დაასახელა.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






