საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ახალი მინისტრი - გიგლა აგულაშვილი, უწყებაში ყოფილ მინისტრთან - ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად მივიდა. როგორც ახალმა მინისტრმა განაცხადა, მას აქვს ხედვა თუ რა სტრატეგიით უნდა იმუშაოს სამინისტრომ და სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად მან, გარემოს დაცვის ევროპული პრონციპების დანერგვა დაასახელა.
"მქონდა კონსულტაციები ყოფილ მინისტრთან. შეიძლება ითქვას, დღევანდელი გადასახედიდან მაქვს სურათი, სად ვართ და ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა წავიდეთ, რა მიმართულებით, რა სტრატეგია გვექნება, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. არ მინდა გამოვყო რომელიმე კონკრეტული დარგი. ელგუჯაც ამას ამბობდა. არ არსებობს უმნიშვნელო დარგი სამინისტროში. პრობლემები, რომელიც ქვეყნის წინაშე ამ მიმართულებით დგას, არ არის მხოლოდ სამინისტროს და სამინისტროს თანამშრომლების გადასაჭრელი. ერთგვარი ხელშეკრულება მინდა გავაფორმო ჩვენს მოქალაქეებთან. ნაბიჯები, რომელსაც სამინისტრო გადადგამს, იქნება მათთან ერთად განხორციელებული" - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ დანიშნა. აღნიშნულ პოსტზე, მან ელგუჯა ხოკრიშვილი ჩაანაცვლა.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






