ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში, ეთიკის კომისიის თავმჯდომარის "პატრიოტთა ალიანსიდან", გოჩა ძიმისტარიშვილის, კომისიის თავმჯდომარეობიდან დაჩქარებული წესით გადაყენების პროცედურები დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით, საკრებულოს მომავალი სხდომის დღის წესრიგში საკითხის დასაყენებლად, გამართულ ბიუროს სხდომაზე, წინადადებით დეპუტატები ნანული ორაგველიძე -"პატრიოტთა ალიანსი", ნინო ტაბატაძე "საქართველოს გზა" და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე "რესპუბლიკელებიდან" ნინო გოგუაძე შევიდნენ.
ამის შესახებ ინფორმაცია "გურიის მოამბეს" გოჩა ძიმისტარიშვილმა მიაწოდა და თანაპარტიელ ნანული ორაგველიძეს "პოლიტიკური გვამი" და 40 ათას ლარზე გაყიდული უწოდა.
ძიმისტარიშვილი და ორაგველიძე ერთ ფრაქციაში "პატრიოტთა ალიანსი" მოღვაწეობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ძიმისტარიშვილი ქალაქის მერს, ბეგი სიორიძეს დაუპირისპირდა, მას ფრაქციის დატოვება მოუხდა, მის წინააღმდეგ კი დევნა-შევიწროება დაიწყო.
ძიმისტარიშვილის თქმით, ორაგველიძეს, ხელისუფლებამ სასწრაფოდ შეუქმნა ფრაქცია საკრებულოში, დაიხმარეს "ნაციონალი" ირინა საჯაია და ქალბატონ ნანულის თვეში 1 200 ლარი დაუნიშნეს ხელფასი.
ძიმისტარიშვილი ეჭვობს, რომ ხელისუფლებას მისი ადგილი, კომისიის თავმჯდომარეობა ქალბატონ ირინა საჯაიასათვის უნდოდეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა "ნაციონალები".
ყოფილი "ნაციონალი" და ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრი,ირინა საჯაია ძიმისტარიშვილის განცხადებაზე "გურიის მოამბესთან" საუბარში კომენტარს აკეთებს: "ჯერ -ჯერობით არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა, ვიცი, რომ დღეს ბიუროს სხდომა იყო, არ მიფიქრია მაგ თემაზე და თუ შემომთავაზეს დავფიქრდები"-გვითხრა ირინა საჯაიამ.
ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა საკრებულოს დეპუტატი, "ლეიბორისტული" პარტიიდან, ნათია შარაშენიძე:
„პატრიოტთა ალიანსმა“ რაც გაუკეთა „ქართულ ოცნებას“, ძმა ძმას არ გაუკეთებდა, ოზურგეთზე მაქვს საუბარი. მაგრამ, საკმარისი იყო, პატარა პრინციპულობა გამოეჩინა ძიმისტარიშვილს, იმწუთშივე „ოცნებამ“ ის გაწირა. როგორც ფაქტი, ჩემთვის ეს არის მიუღებელი. იმიტომ, რომ ბატონი ძიმისტარიშვილის არაეთიკურ საქციელს მე ვერ ვხედავ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა კი.
ისე ჩემთვის არც დანიშვნა უკითხავს ვინმეს ძიმისტარიშვილის და არც გადაყენებას მკითხავენ, დარწმუნებული ვარ თვითონვე მოაგვარებენ ამ პრობლემებს. გოჩა ძიმისტარიშვილი თუ ჩემი დასაცავი გახდებოდა, ნამდვილად არ მეგონა და ისე დავიცავ.“-განაცხადა შარაშენიძემ.
თეა იოსელიანი
მასალის გამოყენების პირობები






