თანამდებობიდან გათავისუფლებული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბუბა კუდავა განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის მიერ მის განთავისუფლებას აუდიტის დასკვნის საფუძველზე, აბსურდულს უწოდებს და იმ მიზეზებს ასახელებს, რომელიც მისი თანამდებობიდან გაშვების მიზეზი გახდა.
"მე და მთელმა კოლექტივმა რამდენიმე პრინციპული პოზიცია გამოვხატეთ ოთხ საკითხზე. პირველი ჩვენი დღევანდელ ტერიტორიასა და შენობას ეხება. როგორც ჩანს, არსებობს ბიზნესინტერესები, რომლის უკანაც დგას თამარ სანიკიძე. შენობის შეცვლის საკითხს სამინისტრო ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების გარეშე განიხილავს. მეორე ლაილაშის ბიბლიის შესაძლო გატანის საკითხი გახლავთ, რომელშიც ასევე აქტიურობდა განათლების მინისტრი," - აცხადებს ბუბა კუდავა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ განთავისუფლების მიზეზი ასევე გახდა ინსტიტუტის წარმომადგენლებთა მოთხოვნები მათი დამოუკიდებლობისა და ხელფასების მომატების თაობაზე.
"კურიერთან" ინტევიუში განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ადასტურებს:
„ის არის მოქმედი დირექტორი. მოვალეობის შემსრულებელია, რადგან 3 თვის წინ გაუვიდა ვადა და ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის,“ - ამბობს სანიკიძე.
განათლების მინისტრი კუდავას მიერ დასახელებულ ოთხივე ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.
„იქ არის ფინანსურ პრობლემებზე საუბარი, შესყიდვებთან დაკავშირებული, გრანტების ხარჯვასთან, საცავებთან დაკავშირებული პრობლემები, წიგნების პასპორტიზაცია, რაც არ არის სრულფასოვნად შესრულებული. ამაზე არის საუბარი აუდიტის დასკვნაში. აქ ინახება ქვეყნის საგანძური და მისი მართველობის ქვეშ ამ უწყების მართვა არასათანადოდ ხორციელდებოდა," - ამბობს განათლების მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






